რატომ ვერ ენდობიან ქართველი მეცხვარეები ციფრებს და სტატისტიკას

მიმდინარე წელს უკვე 7 ათასზე მეტი ცხვარი შემოიყვანეს რუსეთიდან და უცხოეთში ქართულად გაასაღეს

საქართველოში მეცხვარეობის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოდან 28 500 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა არაბეთში, საუდის არაბეთსა და ყატარში. წელს პირველად განხორციელდა წვრილფეხა ცხოველის ექსპორტი ეგვიპტეში. ქართული ცხვრით დაინტერესდა ბაჰრეინის სამეფოც, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამ დარგში არსებული მდგომარეობის შეფასება მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს ბექა გონაშვილს ვთხოვეთ:

- ნებისმიერი ახალი ბაზრის გახსნა ძალიან კარგი ამბავია, მით უმეტეს, ქართული ცხვრის 70% საექსპორტოა. ახალი ბაზრების ათვისება მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი რამ უნდა აღვნიშნო: კომპანიას, რომელიც ბაჰრეინის მიმართულებით აპირებს ცხვრის გაყვანას, წლების განმავლობაში სომხური ცხვარი შემოჰყავდა და მერე გაჰყავდა ექსპორტზე, როგორც ქართული. ასე რომ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, თუ ახალ ბაზრებს გავხსნით, მაგრამ ეს სხვა ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და არა - ჩვენთვის. ახალი ბაზრების გახსნა ჩვენს სასარგებლოდ უნდა მოხდეს. ბულგარეთის მაგალითს მოვიყვან: ბულგარეთს შეეძლო თურქეთში ცხვრის ექსპორტის განხორციელება, მაგრამ იმის გამო, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, თურქებმა ამ ქვეყნისთვის ბაზარი ჩაკეტეს. შესაბამისად, ბულგარელმა მეცხვარეებმა ძალიან კარგი ბაზარი დაკარგეს. ნამდვილად არ გვსურს, რომ საქართველოშიც იგივე მოხდეს.

- საქართველოში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- მარტო მიმდინარე წელს, 7 ათასზე მეტი ცხვარი შემოიყვანეს რუსეთიდან, სხვა ქვეყნებში გაიყვანეს და ქართულად გაასაღეს. ქართველი მეცხვარეები ამ პროცესს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და თუ სახელმწიფო ამ ფაქტებს კონკრეტული მექანიზმებით გააკონტროლებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და მხარში დავუდგებით. აგიხსნით რატომ: როდესაც აქ სხვა ქვეყნებიდან ცხვარი შემოდის, ძალიან დიდია რისკი, რომ მას სხვადასხვა დაავადება შემოჰყვეს. სომხეთში მაგალითად, ამჟამად გავრცელებულია თურქულის ახალი შტამი, კიდევ კარგი, ამის გამო სომხეთიდან პირუტყვის იმპორტი შეწყდა. ასეთ ღონისძიებებს ხშირად უნდა მივმართოთ, სახელმწიფომ ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს, მით უმეტეს, რომ ჩვენთან აცრები ძალიან კარგად ტარდება. მეორე მიზეზი ის არის, რომ ქართულმა ცხვარმა მსოფლიო ბაზარზე თავისი სახელი უკვე დაიმკვიდრა და როდესაც მის სახელს სხვა ქვეყნები იყენებენ, ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი. თუ სხვა ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი რაღაც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, ამან ქართული ცხვრის იმიჯს უნდა მიაყენოს ჩრდილი. ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს, რომ ჩვენი ცხვარი არ ვარგა, რომ მას აქვს რაღაც დაავადებები... საუდის არაბეთის ბაზარი ამის გამო ჩვენ დაკარგული გვქონდა, რადგან ამ ქვეყანაში საქართველოდან ავადმყოფი ცხვარი შევიდა. ასეთი ფაქტები პირდაპირ ურტყამს ქართველ მეცხვარეებს, ვისთვისაც ეს საქმე შემოსავლის მთავარი წყაროა. წარმოიდგინეთ მეცხვარე, რომელიც მთელი წელი ცხვარს უვლის, იმედი აქვს, რომ თავის ნაშრომს გაყიდის და ამ დროს მსგავსი რამ ხდება, ეს მისთვის კატასტროფაა.

- ყველაფრის მიუხედავად, ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ექსპორტის მაჩვენებლები გაზრდილია.

- ზრდა მართლაც შეინიშნება, მაგრამ ეს არ არის რეალური ზრდა, რადგან ჩვენგან ექსპორტზე სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარი გაჰყავთ. მაგალითად: 2013 წელს საქართველოდან ექსპორტზე 160 ათასი ცხვარი გავიდა, 2014 წელს - 220 ათასი, მაგრამ აქედან 70 ათასი სომხური ცხვარი იყო. ამიტომ, მხოლოდ ციფრებს და სტატისტიკას ვერ ვენდობით.

- როგორ გამოიყურება დღესდღეობით ქართული ცხვრის საექსპორტო არეალი?

- საუდის არაბეთი, ლიბია, ყატარი, ლიბანი, აზერბაიჯანი - ეს ქვეყნები ჩვენი ძირითადი დასაყრდენია. შარშან, წლის ბოლოს იორდანია დაიკეტა: იქაური ფერმერები გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვეს, რადგან იქ არაკეთილსინდისიერი გზით შეჰყავდათ სომხური ცხვარი და როგორც ადგილობრივს, ისე ჰყიდნენ, თანაც, დემპინგურ ფასებში. იორდანიამ თავის ფერმერებზე დროულად იზრუნა და საზღვარი ჩაკეტა.

- ბატონო ბექა, რით გამოირჩევა ქართული ცხვარი თუნდაც რუსული ან სომხური ცხვრისაგან?

- ქართული ცხვრის საგემოვნო თვისებები ძალიან მაღალია, რადგან ის ბუნებრივ პირობებში იზრდება. მისი ხორციც უფრო გემრიელია, თუმცა წონით ნაკლებს იწონის და ხორცის წარმოებისთვის ნაკლებად ვარგისია. სომხური ცხვარიც არ არის ცუდი, მაგრამ არაბებისგან გამიგია, რომ ქართული ცხვარი უფრო მოსწონთ, თუნდაც იმის გამო, რომ სომხური უფრო ცხიმიანია. ვისაც ცხიმიანი ხორცი არ მოსწონს, ქართული ცხვრის ყიდვას ამჯობინებს, ამავე დროს, სომხური ცხვარი წონით უფრო მეტია და ამ მხრივ მისი ყიდვა უფრო მომგებიანია.

- რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მეცხვარეებმა თურქეთის და ევროკავშირის ბაზრებზე შესვლა?

- თურქეთი თავის ბაზარს ასე ადვილად არ ხსნის. დღესდღეობით ამ ქვეყანამ ძალიან მკაცრი წესები დაგვიწესა. ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. იგივე ითქმის ევროკავშირის ქვეყნებზეც, სადაც ჯერ მხოლოდ მატყლის შეტანა შეგვიძლია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ევროპაში რომ შევიდეთ და ვიღაცამ ისევ გააგრძელოს სომხური, ან რუსული ცხვრის შეყვანა და მისი ქართულად გასაღება - ამას იქ არავინ გვაპატიებს. ასე რომ, ამ ბაზრებზე შესვლა მომავლის საქმეა.

- თქვენი აზრით, მეცხვარეობის დარგში ყველაზე პერსპექტიული მიმართულება რომელია, რას უნდა მიანიჭონ უპირატესობა ქართველმა მეცხვარეებმა?

- ჯერ იმდენი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, რომ ამაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ ბიოორგანული მეურნეობების განვითარება ჩვენთვის ყველაზე პერსპექტიული გზაა. მართალია, ჰორმონებს და ქიმიურ პრეპარატებს ქართველი მეცხვარეები არ იყენებენ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა: საძოვარიც კი ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, რომ საბოლოოდ, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივიღოთ. თუ მართლა გვსურს, რომ საქართველოში მეცხვარეობა განვითარდეს, ამ დარგში სერიოზული მუშაობა და სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო.

ხათუნა ჩიგოგიძე