წლის ბოლოსთვის ლარი 1,9-მდე გამყარდება

ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ოპტიმისტური გათვლა აქვთ ანალიტიკოსებსაც. ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებით უკვე 1,90-1,95-ის ნიშნულზე დაბალანსდება. ამჟამად ლარის გამყარებას სებ-ის ინტერვენციები აჩერებს. სხვა შემთხვევაში დღეს დოლარი უკვე 2 ლარი უნდა ყოფილიყო.

ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით წინა კვირა "არანორმალური" აღმოჩნდა. ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას ვერ აუდიოდა, მაგრამ ლარის ნახტომისებურ გამყარებას წინ მაინც ვერ აღუდგა. ერთ კვირაში 100 მლნ დოლარის ინტერვენციის მიუხედავად, ლარი დოლართან მიმართებით 6 პუნქტით მაინც გამყარდა.

პარალელურად, უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოში პოზიციებს თმობს "მწვანე ვალუტაც". თავის მხრივ, შესუსტებული დოლარი არა მარტო მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კურსზე, არამედ ქართულ ლარზეც აისახება.

შესუსტებული დოლარის გავლენას რომ სებ-ის სავალუტო ინტერვენცია არ დამატებოდა, შესაძლებელია, დღეს დოლარის კურსი 2,0-ის ნიშნულზე ყოფილიყო. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის არც ვალუტის სწრაფი გაუფასურებაა კარგი და არც მყისიერი გამყარება, ანალიტიკოსების აზრით, ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბაზრიდან დიდი რაოდენობით დოლარი ამოიღო.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ლარის რევალვაცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საამისოდ ყველაზე ხელსაყრელი სეზონი ზაფხულია. ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ხელს სებ-ის განკარგულებაც შეუწყობს, რომელიც კომერციულ სტრუქტურებში ლარის დარეზერვების კოეფიციენტის ცვლილებას გულისხმობს. ამ ცვლილებით ბანკებს ლარში დარეზერვების მოცულობა შეუმცირდათ, უცხოურ ვალუტაში კი გაეზარდათ.

ამ ეტაპზე კი, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ლარი ახალი წონასწორული წერტილისკენ მიისწრაფის და ეროვნული ბანკიც შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს. გარდა ამისა, ხადურის თქმით, საგარეო ფაქტორები ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცვლითი კურსი ზოგადად საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ არის.

"ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო არის სასიკეთოდ შეცვლილი და აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. გარემო აშკარად შეცვლილია, მათ შორის შემოდინებების თვალსაზრისით. ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია აბსოლუტურად სწორი მოლოდინი, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა. ლარი მიისწრაფვის ახალი წონასწორული სტაბილურობისაკენ", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია რომ გაგრძელდება, ამაზე განცხადება პრემიერმა კვირიკაშვილმაც გააკეთა. როგორც მან საკითხის კომენტირებისას წინა კვირას განაცხადა, ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

"მონეტარული პოლიტიკა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ის არის დამოუკიდებელი და რამდენადაც ვიცი, დოლარის გარკვეული მასა იქნა შესყიდუვლი აუქციონზე, რაც, ალბათ, გონივრული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს, თუმცა გამყარების ტენდენცია მისასალმებელია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რა უნდა იყოს ლარის ახალი წონასწორული კურსი, ამასთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია. ფინანსისტი მიხეილ დუნდუა დღეს 2,15-იან მაჩვენებელს ადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ გამყარების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. უკვე წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებით 1,90-1,95-ის ნიშნულზე დაბალანსდება.

"ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდება, მაგრამ ეს რომ მყისიერად არ მოხდეს, სებ-ი ცდილობს, რომ სტაბილურ რეჟიმში გადაიყვანოს გარდაუვალი გამყარება. თანაც სებ-მა ლარში დარეზერვების ნორმა შეამცირა და დოლარში გაზარდა, რეალურად, ხელმისაწვდომი გახადა ლარი. ამით კომერციული ბანკები დააინტერესა, რომ ლარში გასცენ სესხი. ამ გადაწყვეტილებით სებ-მა საფინანსო სექტორს სპეკულაციის მოტივი მოუხსნა. ეროვნული ბანკი ლარს გამყარების საშუალებას აძლევს და პარალელურად ცდილობს, ეკონომიკას მისცეს მაქსიმალური სტიმული, რათა იგი გაიზარდოს, გრძელვადიან პერიოდში კი ლარის ასევე გრძელვადიანი გამყარება გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ ლარი წლის ბოლოსთვის აუცილებლად გამყარდება და გამორიცხული არ არის, რომ 2-ის ნიშნულსაც ჩამოსცდეს. ჩემი ვარაუდით, შესაძლოა, 1,90-1,95-ის ფარგლებში დასტაბილურდეს", - განუცხადა "რეზონანსს" დუნდუამ.

მისივე თქმით, დღეს რომ სებ-ს სავალუტო ინტერვენციები არ განეხორციელებინა, გამორიცხული არ არის, დოლართან მიმართებით ლარის კურსი 2-ის ნიშნულზე ყოფილიყო: "ერთი დოლარი კი გახდებოდა 2 ლარი, მაგრამ შეიძლება ამას საპირისპირო აჟიოტაჟი გამოეწვია. ამის შემდეგ კურსის ზემოთ-ქვემოთ რყევა გარდაუვალი გახდებოდა. ეს საბოლოოდ ბიზნესს დაარტყამდა. ახლა კი მიდის ჰარმონიული გამყარების პროცესი", - აღნიშნა დუნდუამ.

აფბა-ს ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, დღეს იმაზე საუბარი, თუ რა უნდა იყოს ლარის წონასწორული კურსი, რთული სათქმელია. მისივე თქმით, როდესაც ლარის კურსი ძალიან უფასურდებოდა, ეროვნული ბანკი მხოლოდ უმნიშვნელოდ ერეოდა, ანუ ვარდნის შერბილება სებ-მა, პრაქტიკულად, არ მოახდინა. შესაბამისად, ლარის კურსი იმ დროს დაეცა იმაზე მეტად, ვიდრე ამის ეკონომიკური საფუძველი არსებობდა.

"შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ტრენდი მცირედით შეიცვალა და შემოვიდა უცხოური ვალუტა თუნდაც მცირე რაოდენობით, მაშინვე პანიკის შედეგად გაუფასურებულმა ლარმა ძალიან სწრაფად დაიწყო გამყარება. ახლა მოლოდინი არის უფრო დადებითი, ამას დაემატა ისიც, რომ მეზობელ რეგიონ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, შესაბამისად, ლარმაც დაიწყო გამყარება.

კარგია, რომ სებ-ი ერევა და არ აძლევს ლარს სწრაფად გამყარების საშუალებას, რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა სტაბილური ეროვნული ვალუტა. იმედია, რაღაც პერიოდში სტაბილურობა შენარჩუნდება. ჩვენთვის იდეალურია სტაბილური კურსი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში იქნება შენარჩუნებული", - განაცხადა ჯანიაშვილმა.

ახალი ეკონომიკური სკოლის ეკონომისტ პაატა შეშელიძის თქმით კი, წონასწორული კურსი ბუნებაში არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ის, რაც ჩვენ გვაქვს, არის პოლიტიკური ფული და დამყარებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

"იმისათვის, რომ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არ ხდებოდეს კურსის დადგენა, აუცილებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის არსებითი ცვლილება განხორციელდეს. არის რამდენიმე საშუალება, რომ ეს შეიცვალოს. პირველი - ყველაზე რეალური გზა იქნებოდა, რომ გამოგვესყიდა მიმოქცევაში არსებული ყველა ლარი და მოგვეხდინა ერთი ვალუტის გაშვება, რომელიც მსოფლიო ბაზართან ყოველგვარი ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის გარეშე იქნებოდა ინტეგრირებული. პარალელურად, შესაძლებელია დაშვებული იყოს ბიტკოინის გამოყენება და სხვა. ასევე შესაძლებელია, რომ მოხდეს ოქროს გამოყენებაც", - მიაჩნია შეშელიძეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპრომისული გამოსავალი იქნებოდა ლარის მიბმა მყარი კურსით ამერიკულ დოლართან ან ევროსთან, რაც გულისხმობს იმას, რომ მონეტარულ პოლიტიკაზე ზემოქმედების ყველა სხვა გზა, რომელიც დღეს აქვს ეროვნულ ბანკს, გაუქმდეს.

2015 წლის განმავლობაში მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, წელს ლარი უკვე 14%-ით გამყარდა. პროგნოზი ოპტიმისტურია და თუ ის გამართლდა, 2017 წელს ლარი "მწვანე ვალუტასთან" მიმართებით თითქმის 25%-ით მოძლიერებული შეხვდება.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"