ბიუჯეტის ფულით ნაყიდი 11 მანქანა პრეზიდენტის ცოლებისთვის

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ თავისი ოთხი მეუღლისთვის 11 ავტომობილი ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა.

ქვეყნის პოლიციის მინისტრის ნკოსინატი ნლეკოს განცხადებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში Audi-ს მარკის 2 ქორსოვერზე, 2 Land Rover Discovery-ზე, 2 Range Rover-ზე და კიდევ სხვა ავტომობილებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 8.6 მილიონი რანდი (500 ათას დოლარზე მეტი) ბიუჯეტიდან გაფლანგა. მინისტრის თქმით, ავტომობილები პრეზიდენტის მეუღლეების უსაფრთხოებისთვის გამოიყენებოდა.

ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ალიანსის“ დეპუტატის საკ მბელეს ინფორმაციით, მხოლოდ ავტომობილებზე დახარჯული თანხით ქვეყანას შეეძლო 116 სტუდენტის დაფინანსება ან 61 პოლიციელისთვის წლიური ხელფასის გადახდა.

საბიუჯეტო სახსრების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვაში ჯეიკობ ზუმას პირველად არ ამხელენ: მარტში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასმართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ხაზინას არ დაუბრუნა ის თანხა, რომელიც საკუთარი სახლის რემონტზე, აუზისა და ამფითეატრის მშენებლობაზე დახარჯა. თუმცა, მოგვიანებით ქვეყნის პირველმა პირმა ამ თანხის დაბრუნებაზე განაცხადა და ამ გზით თავიდან აირიდა იმპიჩმენტი, რომელიც აპრილში ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული.

კოკა კვირკველია