ირანი საქართველოს გავლით ევროპაში ახალ სატრანზიტო მარშრუტს გახსნის

ირანი საქართველოს გავლით ევროპაში ახალი სატრანზიტო მარშრუტის გახსნას გეგმავს.

უახლოეს მომავალში თეირანი აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ კონპანია „ირანის რკინიგზის“ დირექტორის მოადგილემ ჰუსეინ აშურმა ირანელ ჟურნალისტებს განუცხადა.

"თეირანი აპირებს ახალი სატრანზიტო მარშრუტის გახსნას, რომლის საშუალებითაც სპარსეთის ყურის რეგიონიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდება. ახალი პროექტი თურქული მარშრუტის ალტერნატივა იქნება", - აღნიშნა ჰუსეინ აშურმა.

მისი თქმით, ირანმა ახალი სარკინიგზო სატრანზიტო მარშრუტის შემუშავება ანკარასა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით გადაწყვიტა.

მარშრუტი შავი ზღვის გავლით გავა და საქართველოს გარდა, თეირანი აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანაც გამართავს.

ჰუსეინ აშურის თქმით, პროექტი ითვალისწინებს ტვირთების ტრანსპორტირებას სპარსეთის ყურის რეგიონიდან რკინიგზის საშუალებით ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი საქართველოში. ბათუმისა და ფოთის პორტებიდან ტვირთების ტრანსპორტირება კი ჯერ ბულგარეთისა და რუმინეთის პორტებში განხორციელდება, მერე - ევროპის სხვა ქვეყნებში.

კომპანიის გათვლით, სპარსეთის ყურის რეგიონიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად 23 დღე იქნება საჭირო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე