"თელიანი ველი" ლუდის ქარხნის მშენებლობასა და ლუდის წარმოებას გეგმავს

„თელიანი ველი“ „ჰეინეკენის“, „ამსტელის“ და „კრუშოვიცეს“ ბრენდების ლუდის წარმოებას გეგმავს.

კომპანიის შვილობილი შპს “გლობალ ბიერ ჯორჯია” ლუდის ქარხნის მშენებლობას იწყებს, სადაც აღნიშნული ბრენდების წარმოება მოხდება. “გლობალ ბიერ ჯორჯიამ” სალიცენზიო ხელშეკრულებები „ჰეინეკენის“, „ამსტელისა" და „კრუშოვიცეს“ ბრენდების ექსკლუზიურ წარმოებაზე საქართველოში უკვე გააფორმა. "თელიანი ველი", იმავდროულად, „ჰეინეკენის“, ექსკლუზიური იმპორტიორია.

„თელიანი ველის“ ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით მისმა აქციონერმა „ლიბერთი კონსუმერმა“ აქციათა ემისია გამოაცხადა. მოზიდული თანხით ახალი ლუდის ქარხნის მშენებლობა და მისი განვითარება იგეგმება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შპს “გლობალ ბიერ ჯორჯია” მოახდენს.

გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია პროდუქციის რეალიზაციას აზერბაიჯანსა და სომხეთში მოახდენს. საერთაშორისო ბრენდების პარალელურად, იგეგმება ახალი ადგილობრივი ბრენდის ლუდისა და ლიმონათების წარმოებაც.

„აღნიშნული ბრენდების ადგილობრივად წარმოება სს “თელიანი ველისთვის” ქმნის ახალ შესაძლებლობებს და გახდის მას კონკურენტუნარიანს დაბალი ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ლუდი „ჰეინეკენის“ საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც გაეშვება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქარხანა“, - ნათქვამია „ლიბერთი კონსუმერის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 37 მილიონი დოლარია, მოცემული თანხიდან, 13 მილიონი დოლარი ახალი აქციების ემისიის გზით დაფინანსდება.

ლუდის ქარხნის სამშენებლო სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება. სასაქონლო ნიშნის სალიცენზიო ხელშეკრულებების თანახმად კი ქარხანა პროდუქციის გამოშვებას 2016 წლის დეკემბრიდან შეძლებს.

„თელიანი ველში“ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

ნუცა შუბაშვილი