ქართველი ფერმერებისთვის განკუთვნილი ონლაინ აპლიკაცია ევროპის 20 მოწინავე სტარტაპს შორის მოხვდა

ქართულმა სტრატაპმა, სახელწოდებით „ტრაქტორი“ ჰოლანდიაში გამართულ სტარტაპების შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” კომპანია ”ელვადან“ აცნობეს, „ტრაქტორი“ წარმოადგენს თბილისში, საქართველოში დაარსებულ სოციალურ საწარმოს.

„ეს არის პირველი მობილური პლატფორმა, რომელიც ფერმერებს შემდეგით უზრუნველყოფს: სატრენინგო ვიდეოები სხვადასხვა კულტურების შესახებ; გაფართოებული მონაცემები ამინდის შესახებ; აგრო-კონსულტაციები ფერმაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ექსპერტების მიერ; მოსავალის კალენდარი: პერსონალიზირებული გრაფიკი, რომელიც აჩვენებს, თუ როდისაა უკეთესი დათესვა, მორწყვა და მოსავლის აღება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ჰააგაში, „ტრაქტორი“ იმ 20 „სტარტაპს“ შორისაა, რომელიც საკუთარ იდეებს ინვესტორებს სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, „ტრაქტორის» გამოშვება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. აპლიკაციის უფასოდ გამოყენება შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის და სხვადასხვა ბიზნესისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ივნისის დასაწყისში „ტრაქტორის” აპლიკაციის დახვეწაში მის შემქმნელებს კომპანია Google-ის ათამდე თანამშრომელი დაეხმარება.