უხვი მოსავლის ფონზე მარწყვი გაიაფდა

ფერმერები წელს მარწყვის სარეალიზაციო ფასითა და მოსავლის ხარისხით უკმაყოფილოები არიან.

მაისში კახეთის სხვადასხვა სოფელი რამდენჯერმე დაისეტყვა, ადგილობრივები პროდუქციის დაავადებებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მარწვის ფასზე წელს ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა.

გიორგი დარეჯანაშვილს ლაგოდეხის რაიონ სოფელ ნინიგორში მარწვის სასათბურე სისტემა აქვს. ბიო მარწყვის რეალიზაციას ფერმერი ზამთარ-ზაფხულ ახერხებს. როგორც გიორგი დარეჯანაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, წელს მარწყვის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალია და მაღალი ხარისხის მარწყვის ღირებულება 5-6 ლარით, ხოლო მარწყვის ტრადიციული, სეზონური ჯიშის ფასი 3 ლარით განისაზღვრება.

დაბალი ფასის ერთ-ერთ მიზეზად გიორგი დარეჯანაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვის დიდ რაოდენობასა და მის დაბალ ფასს ასახელებს.

,,ფასით წელს ყველა ფერმერი უკმაყოფილოა. წვიმიანი ამინდების გამო მოსავლის ხარისხიც შედარებით დაბალია. მარწყვს შარშან უფრო მაღალი ღირებულება ქონდა. წელს კი თურქეთიდან დიდი რაოდენობით შემოვიდა ეს პროდუქტი და ამავდროულად ძალიან კონკურენტულ ფასად”, -აღნიშნავს გიორგი დარეჯანაშვილი.

რაც შეეხება რეალიზაციას, ფერმერი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. გიორგი დარეჯანაშვილის სათბურში მოყვანილი ბიო მარწყვი რესტორნებში, სასტუმროებში, მაღაზიებსა და სამომხმარებლო ბაზარზეც იყიდება. მისი თქმით, ბაზარზე მოთხოვნა დიდია და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა - შედარებით მცირე.

ბიო მარწყვის ფასი ზამთარში 15-20 ლარის ფარგლებში მერყეობს. გიორგი დარეჯანაშვილის თქმით, თუ თურქეთიდან დაბალხარისხიანი პროდუქციის იმპორტი არ შემცირდა, ადგილობრივი წარმოების ბიო მარწყვის ფასი ვერც მომავალ ზამთრის სეზონზე გაიზრდება.

გურჯაანში მარწყვის მეურნეობა აქვს იზოლდა ქიტესაშვილსაც. მისი თქმით, წელს მარწყვის საშუალო ფასი 3 ლარია. იქიდან გამომდინარე, რომ მოსავალი წელს ბევრ ფერმერს დაუზიანდა სეტყვის, წვიმიანი ამინდებისა და ზოგჯერ დაავადებების გამო, იზოლდა ქიტესაშვილი მაღალი ხარისხის მარწყვის გაიაფებას არ ვარაუდობს.

,,საერთოდ, ახალი შემოსული მარწყვის ღირებულება უფრო მაღალია. თანდათან კი იაფდება, მაგრამ ვფიქრობ, საშუალო ფასი მაინც 2,5-3 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება”, - აღნიშნავს ფერმერი.

ქრისტინე გამთენაძე