უპროცენტო განვადება მომხმარებელს ხარჯებს უზრდის

უპროცენტო განვადება - ეს ტერმინი საქართველოში რამდენიმე წელია დამკვიდრდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემოთავაზებად.

ნებისმიერ ტექნიკისა თუ ავეჯის მაღაზიაში შეხვდებით კომერციული ბანკების წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე, 15-20 წუთიანი პროცედურით მომხმარებელს ნივთის შეძენას უპროცენტო განვადებით სთავაზობენ.

ეს სერვისი დღეს თითქმის ყველა სახის ნივთსა თუ მომსახურებაზე ვრცელდება.

მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში ფიქრობს, რომ უპროცენტო განვადების დროს მხოლოდ ნივთის საფასურს იხდის. მყიდველთა უმრავლესობა შეცდომაში შემყვანი სარეკლამო კამპანიების გავლენის ქვეშ მალევე ექცევა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კებულაძე ALLNEWS-თან საუბრისას აცხადებს, ნივთის უპროცენტო განვადებით შეძენის შემთხვევაში თავად ნივთის ღირებულება იზრდება.

"ნებისმიერ ნივთს ან მომსახურებას სხვადასხვა ფასი აქვს ნაღდი ანგარიშწორებით შეძენისა თუ განვადებით ყიდვის შემთხვევაში.

უპროცენტო განვადების დროს მართალია, საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია, სამაგიეროდ, ფასნამატი ნივთზე აისახება. მას ღირებულების დაახლოებით 4% ემატება და ამავდროულად, მომხმარებელი იხდის ბანკის საკომისიოს, რომელიც 4-5%-ს შეადგენს.

ასე რომ, ხარჯი თან ახლავს ნივთის უპროცენტო განვადებით შეძენას. თუ საკომისიო არის 0%, მაშინ ფასნამატი შედარებით მაღალია და პირიქით, თუ ფასნამატი დაბალია, მაშინ გაცემის/დამტკიცების საკომისიო არის მაღალი,"- აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

მისივე განმარტებით, უპროცენტო განვადების ყველანაირ შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციის საწყის ღირებულებაზე მეტს იხდის, რაც ფასნამატსა და ბანკის მიერ დაწესებულ საკომისიოში აისახება.

განაგრძეთ კითხვა