გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის პროგრამის - ენპარდის მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკავშირის პროგრამის - ენპარდის მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ეს არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობისთვის და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისათვის განსაზღვრული დაფინანსება“, -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან კარგია, რომ უკვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაამტკიცა ასევე 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, სპეციალურად ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც განიზრახავენ საკუთარი წარმოების სტანდარტები მიუახლოვონ ევროპულ სტანდარტებს.

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წახალისება ევროპული სტანდარტებით საქართველოში წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეეების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითანამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.