რა რისკებს შეიცავს ქართული თაფლის ევროპაში გატანა

მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე შევა

არავინ დავობს იმაზე, რომ ქართული თაფლი გემოთი და სხვა თვისებებით გამორჩეულია, თუმცა ამ ბაზარზე ფალსიფიკაციის შემთხვევებიც ხშირია. სწორედ ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია იკვლევს ქართული თაფლის ნიმუშებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების წილი 37 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა. 2015 წლის 1 ივლისიდან კი, ქვეყანაში თაფლის ტექნიკური რეგლამენტიც ამოქმედდა. ამ და სხვა ღონისძიებებმა სასურველი შედეგი გამოიღო და ევროკომისიამ საქართველოში თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვისთვის გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანს, რის შემდეგაც, ქართველი მეწარმეები ევროპის ქვეყნებში თაფლის გატანას შეძლებენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კახა სოხაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ შემოდგომაზე ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე ვიხილოთ:

კახა სოხაძე - პირველ რიგში, ამას დიდ წარმატებად შევაფასებდი, დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე შესაფერის ადგილს დაიკავებს. ეს იქნება პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის 28 ქვეყნის ბაზარზე გავა. ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა იმალება. ევროკავშირში ყველაზე მაღალი სტანდარტებია, ეს ნიშნავს, რომ იქ მაღალ შეფასებას აძლევენ ქართულ თაფლს და ჩვენ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. 2014 წლის დეკემბერში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკომისიის ჯანმთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატის სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO) აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლიდან დღემდე შესრულებული სამუშაოები, რაც გზას უხსნის ქართველ მეფუტკრეებს, რომ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. მათმა დასკვნებმა სერიოზული გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებაზე. როგორც კი ეს საკითხი ევროკომიიის შესაბამის აქტში აისახება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება, უკვე შესაძლებელი იქნება თაფლის ექსპორტის დაწყებაც. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე შევა.

ქართველი მეფუტკრეები აღნიშნულ მოვლენას დადებითად აფასებენ, მაგრამ იმ რისკებზეც საუბრობენ, რაც შეიძლება ევროპული ბაზრის გახსნას მოჰყვეს. ჩვენი სტუმარია შპს „მეთაფლიას“ დამფუძნებელი როლანდ ზირაქიშვილი:

როლანდ ზირაქიშვილი - როდესაც ქვეყანაში მოსავალი დაბალია და ეს პროდუქტი რომელიმე ბაზარზე გააქვთ, ეს აუცილებლად იწვევს მის გაძვირებას. თაფლის გაძვირებით კი, ჩვენი მომხმარებლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. თანაც, თაფლის გატანით ჩვენს ბაზარზე თავისუფალი სივრცე შეიქმნება, რომელიც უცხოური პროდუქციით შეივსება და ჩვენი მომხმარებელი იძულებული გახდება, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი თაფლი შეიძინოს. ჩვენ ისედაც არ გვყოფნის ხარისხიანი თაფლი, საქართველოში ფალსიფიცირებული პროდუქციის რაოდენობა ლამის 50%-ს აღწევს. საკმარისი თაფლი ბაზარზე არ არის და რა გაგვაქვს? ამიტომ, ჯერ ჭარბი პროდუქცია უნდა შევქმნათ და მერე ვიფიქროთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე, ამისათვის კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაა აუცილებელია, რაც ჩვენთან ჩანასახის დონეზეც კი არ არის. ევროპაში 1 კგ დაფასოებული თაფლი 30-40 დოლარი ღირს, საქართველოში კი, თუნდაც 50 ლარად თაფლს ვინმე იყიდის? რა თქმა უნდა, ქართული თაფლი ექსპორტზე უნდა გავიტანოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგ. თუ ასე არ მოხდება, ქართულ ბაზარზე თაფლი გაძვირდება, ან უხარისხო თაფლი მომრავლდება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ველურ ბუნებას მეწლეურობა ახასიათებს: შეიძლება წელს ძალიან კარგი მოსავალი მოვიდეს, მაგრამ მეორე წელს საექსპორტოდ საკმარისი რაოდენობა ვეღარ შეგროვდეს - ამ ყველაფერს წინასწარ გათვალისწინება სჭირდება.

როლანდ ზირაქიშვილის აზრით, საქართველოში თაფლს ძირითადად წვრილი ფერმერული მეურნეობები აწარმოებენ, ისინი ვერ ქმნიან ჭარბ პროდუქციას, ამიტომაც არის საჭირო კოოპერატიული მეურნეობების წახალისება. ქვეყანაში წამყვანი ადგილი უნდა ეკავოს საშუალო და არა წვრილ მეურნეობებს, რომ დამატებითი პროდუქცია შევქმნათ. ამიტომაც არის საჭირო მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა და წახალისება სახელმწიფოს მიერ.

„მეთაფლიას“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ შეიძლება ევროპაში საქართველოდან უხარისხო თაფლმაც შეაღწიოს და ესეც სერიოზულ პრობლემად გვექცეს:

როლანდ ზირაქიშვილი - მეფუტკრე ვალდებულია თავიდანვე შეასრულოს ყველა პირობა, რაც მაღალი ხარისხის თაფლის წარმოებისათვის არის საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შევრცხვეთ. გასულ წლებში თაფლის ბაზარზე ქაოტური მდგომარეობა იყო და ეს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ასეთი სიტუაცია რისკის შემცველია. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ დასალაგებელია. თაფლის შემოწმებას დრო სჭირდება და ესეც გასათვალისწინებელია. ქვეყანაში არ არის საშუალო რგოლი - სადისტრიბუციო ქსელი, ხელშეკრულებებიც ყველა დონეზე უნდა მოწესრიგდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვით, რომ მზად ვართ ევროკავშირის ბაზარზე მაღალხარისხიანი თაფლი გავიტანოთ. თუ უხარისხო პროდუქციას მივაწვდით, იქიდან სერიოზული სანქციები წამოვა და შეიძლება ევროკავშირის ბაზარი საერთოდ დავკარგოთ.

კახა სოხაძე კი გამორიცხავს, რომ საქართველოდან ევროპაში ფალსიფიცირებული თაფლი მოხვდება, რადგან ამ ბაზარს სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს: „ევროპის ბაზარზე უხარისხო პროდუქციას ასე ადვილად არ შეუშვებენ. თანაც, კონტროლში ჩვენ მხოლოდ საექსპორტო პროდუქციის კონტროლს არ ვგულისხმობთ, კონტროლი ჩვენს ბაზარზეც განხორციელდება“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ხათუნა ჩიგოგიძე