EIB-მა ბანკ ”რესპუბლიკას” 22.5 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ბანკ ”რესპუბლიკას” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად 22.5 მილიონი ევრო გამოუყო, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის დამტკიცებული სესხის პირველ ტრანშს წარმოადგენს.

როგორც ბანკ ”რესპუბლიკაში” აცხადებენ, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას აგრძელებს.

როგორც ბანკში აცხადებენ, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით დაფინანსდება საქართველოში ვაჭრობის და კომერციის სფეროში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები; მათ უფრო ფართო წვდომა ექნებათ დაფინანსებაზე და უკეთ დაიკმაყოფილებენ საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებებს. ეს კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ხელშეკრულების შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის დაფინანსების მოცულობა 172 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების მთლიანი მოცულობა კი 820 მილიონ ევროს მიაღწევს. მათ შორისაა ურბანული რეკონსტრუქციის მხარდაჭერის (გასულ წელს წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ) და ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში დაფინანსებული აქვს პროექტები ტრანსპორტის, წყლის და ენერგეტიკის სექტორებში.