ახალზელანდიური 5-დოლარიანი 2015 წლის საუკეთესო ბანკნოტად დასახელდა

ბანკნოტების კოლექციონერთა საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) 2015 წლის საუკეთესო ბანკნოტი დაასახელა.

IBNS-ის ინფორმაციით, წლის საუკეთესო ბანკნოტი ახალზელანდიური 5-დოლარიანი გახდა, რომელმაც 20 ქვეყნის დაახლოებით 40 ბანკნოტს შორის გაიმარჯვა.

ახალი ზელანდიის 5-დოლარიანის ერთ მხარეს ახალზელანდიელი მთამსვლელი, სერ ედმუნდ ჰილარი და ქვეყნის ყველაზე მაღალი - კუკის მთა არის გამოსახული, მეორე მხარეს კი ახალი ზელანდიის რუკა და პინგვინია დატანილი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციით, 2015 წელს მიმოქცევაში 150 ახალი ბანკნოტი ჩაეშვა.