ქართული ბალი ევროპის ბაზარზე გავიდა

უცხოური ბალი ჩვენს ხარისგულას გემოთი ვერ შეედრება.

შესაძლოა, ბევრმა არც კი იცის, რომ მაის-ივნისის მოსავალი, ანუ ბალი ჩვენში დიდი ხანია, ექსპორტის პროდუქტად იქცა. მართალია, ამას ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე არ მოაქვს - საქმე იქამდე მივიდა, რომ ბლის ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი პროდუქცია უკვე ბაზრებამდეც ვერ აღწევს და ჩვენს მოსახლეობას აღარ ჰყოფნის. მაგრამ სამაგიეროდ, ბლის მეპატრონეებს სახლიდან გასვლაც კი არ სჭირდებათ, რომ თავიანთი მოსავლით არსებობის სახსარი მოიპოვონ. ბლის ყველაზე მოსავლიან ადგილად ჩვენში გორის რაიონი, განსაკუთრებით კი - სოფელი სკრა და მისი მიმდებარე სოფლები ითვლება. აქაურებისთვის მაის-ივნისში ბლის "ოქროს ხანა" დგება.

გოგი ოქროშიაშვილი, სოფელ სკრის თემის რწმუნებული: ჩვენი სოფელი და მისი მიმდებარე სოფლები ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ იმითაც იყო ცნობილი, რომ აქ სახელმწიფო მნიშვნელობის სანერგე იყო და ნერგების გამოყვანას სახელგანთქმული სელექციონერი მეცნიერები აკონტროლებდნენ. სწორედ მათ გამოიყვანეს ცნობილი ქართული ბლის ჯიშები, მათ შორის - სახელგანთქმული ხარისგულაც. შემდგომში ცნობილმა მოვლენებმა სკრის სანერგე შეიწირა, მის ადგილზე სხვა ადგილობრივი ლიცენზირებული მცირე სანერგეები გაჩნდა, მაგრამ დაგვრჩა უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ჯიშის მცენარეები და პროფესიონალი სპეციალისტები, რომელთაც ნამდვილად ვერავინ შეედრება ხილის მოვლასა და გახარებაში. აი, ამ ხალხის გამოყვანილი და მოვლილი უგემრიელესი ბლის ჯიშებით შემოსდის სოფელს შემოსავალი, განსაკუთრებით - ივნისში.

მაისის ბალიც გვაქვს, მაგრამ საექ­სპორტოდ ივნისის ბალი გაგვაქვს. ხარისგულა, გოგრა, ჭროღა და თეთრი ბლის ჯიშები მთელ საქართველოშია ცნობილი. ისინი იოლად ეგუება ადგილობრივ "ფიცხ" ნიადაგს.

- სახელმა "ხარისგულამ" დამაინტერესა. ასე რატომ ეძახით?

- თუ ამ სახეობის ბალს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მას გულის ფორმა აქვს, მსხვილი, ხორციანი და თანაც სისხლისფრად წითელია. არსებობს ისეთი ხარისგულაც, რომელსაც გულის ფორმა არა აქვს, სამაგიეროდ, აქვს ფერი და ხორციანობა, ამიტომაც მასაც იმავე სახელს ვეძახით. რაც შეეხება ჭროღას, ეს ცალ გვერდზე შეწითლებული თეთრი ბალია. გოგრასა და ჩვენებურ თეთრ ბალსაც ხომ ყველა იცნობს - სამურაბედ ყიდულობენ.

როგორც კი სეზონი დაიწყება, სოფელ სკრასა და მის მიმდებარე სოფლებში მაცივარ-მანქანები შემოდის, რომელთაც ბლის მოსავალი ფერმერთან ხელშეკრულებით ეზოდანვე მიაქვთ. ბოლო დრომდე ჩვენი ბლის უმეტესი ნაწილი აზერბა­იჯანში, უკრაინასა და რუსეთში გადიოდა, ახლა ბაზარზე ევროპაც გამოჩნდა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 30 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად