ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქვეყნის ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე გადაყვანაა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს.

წერილი რამდენიმე ქვეთავისგან შედგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, სახელწოდებით „ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ“ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ეხება.

როგორც წერილში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე.

„2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე - 2009-2012 წლებში. საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა. 2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში 4 მილიარდ 453 მილიონით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო. 2013 წლიდან საგარეო ვალის ზრდით მიღებული ეკონომიკური ზრდის იმიტაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა ინვესტიციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი გარემო, ამის დასტურია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87-ე ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ე ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით. ეს არის რეიტინგი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს. იმავე კვლევის მიხედვით 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46.4%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14 663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი 11.9% გახდება. თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, რაც სრულიად რეალურია, 2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება და 40 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს. ეს ციფრები ახლოს არის ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს. მსოფლიო ბანკმა გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა 17 ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი კვლევა, რომლის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: მთავრობის ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, რეგულაციების ხარისხი, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა. დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა. ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2013-2015 წლებში წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2006-2012 წლებში 23000-ით შემცირდა. 2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%; 2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც. იანვარ-აპრილში ჩვენი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა და შეადგინა 505 მლნ აშშ დოლარი. 2013-2015 წლებში 2010-2012 წლებთან შედარებით მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76%-ით (გაცემული ნებართვების მიხედვით)“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში.