2013-2015 წლებში საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს.

წერილი რამდენიმე ქვეთავისგან შედგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, სახელწოდებით „ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ“ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ეხება.

როგორც წერილში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, 2013-2015 წლებში ენერგეტიკული პროექტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა:

2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.

უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის - 416 მილიონი დოლარის ღირებულების “შუახევჰესი”. დაიწყო “ნენსკარაჰესის” მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.

გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.

საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.

აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსს, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.

დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით.

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.

მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.

მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით - გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო.

მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.

ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები.