ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში

ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება.

”სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030” დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც, თუნდაც, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროსაც გამომჟღავნდა.

როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა”, - ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.