შპს „მომავლის რეკლამა“ გავრცელების არეალს აფართოებს და სახეობას იცვლის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მომავლის რეკლამის“ (რადიო „დარდიმანდის“) განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი რადიომაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირება განახორციელა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, შპს „მომავლის რეკლამა“ ქუთაისში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის და ქალაქ თბილისში სპეციალიზებული (საგანმანათლებლო/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახეობის ნაცვლად, ორივე ლიცენზიის ფარგლებში სპეციალიზებული (გასართობი) კონტენტით იმაუწყებლებს.

კომისიის განმარტებით, კომპანია ბრენდული სახელწოდებით რადიო „დარდიმანდი“ მხოლოდ დედაქალაქში მაუწყებლობდა, მოდიფიცირების შემდეგ კი რადიომაუწყებელი ქუთაისშიც გავრცელდება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.