საქართველო კონკურენტუნარიანი ქვეყნების ჩამონათვალში არ არის

შვეიცარიული ინსტიტუტის IMD-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 61 ქვეყანას მოიცავს, საქართველო კონკურენტუნარიანი ქვეყნების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

რეიტინგში ჩვენი რეგიონისა და პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მხოლოდ თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მოხვდნენ.

რაც შეეხება ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყანას, რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზე ჰონგ კონგია, რომელსაც შვეიცარია მოსდევს. მესამე პოზიცია კი აშშ-ს ერგო, რომელიც გასულ წელს პირველი იყო. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სინგაპური და შვედეთი.

მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ცენტრის IMD-ის ხელმძღვანელის არტურო ბრისის განცხადებით, ავტორებმა დადებითად შეაფასეს ჰონგ-კონგის სწრაფვა, ჰქონდეს მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო მწარმოებლებისთვის. შვეიცარიის ეკონომიკა ორიენტირებულია ხარისხზე, ხოლო ამერიკას კვლავაც შეუძლია იამაყოს მსოფლიოს საუკეთესო ეკონომიკით.

„მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის შედგენისას სხვადასხვა ფაქტორებით ვხელმძღვანელობთ, ტოპ-ოცეულში შემავალ ქვეყნებს აქვთ ერთი საერთო - ეს არის კანონმდებლობა, რომელიც მაქსიმალურად ლოიალურია ბიზნესისადმი, ასევე ინფრასტრუქტურის მაღალი დონე და გამართული ინსტიტუტები“, - განცხადა არტურო ბრისმა.

რაც შეეხება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, თურქეთი რეიტიგში 38-ე ადგილზეა, რუსეთი 44-ე, ყაზახეთი 47-ე, ხოლო უკრაინა 59-ე.

კოკა კვირკველია