კახა კალაძემ ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნა

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლიმ ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნეს. ღონისძიებას ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, სამიტი ეძღვნება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას. მათივე ინფორმაციით, სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ხაზგასასმელია წარმატებით განხორციელებული „შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი“. შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა განახლებადი ენერგიით მოვამარაგოთ ჯერ თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ქვეყნები.

ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.