ნატო-ს ევროპელი წევრი სახელმწიფოები სამხედრო ბიუჯეტებს გაზრდიან

პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები სამხედრო ბიუჯეტებს გაზრდიან.

ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„2016 წლის პროგნოზი, რომელიც წევრი ქვეყნების მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ პირველად მრავალი წლის განმავლობაში ევროპელი მოკავშირეები თავდაცვისთვის განკუთვნილ ხარჯებს გაზრდიან. ჩვენ საქმე გვაქვს გაურკვევლობასთან, მზარდი რაოდენობის საფრთხეებთან, გამოწვევებთან უსაფრთხოების სფეროში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთობა, ძალა და სტაბილურობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც Financial Times აღნიშნავს, გასულ წელს ნატო-ს ევროპულმა წევრებმა თავდაცვაზე 253 მლრდ დოლარი დახარჯეს, მაშინ როცა აშშ-მა - 618 მილიარდი აშშ დოლარი.