დიმიტრი ქუმსიშვილი - მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა

მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამით გაგრძელდა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები.

ქუმსიშვილის თქმით, ლიდერ სექტორებს შორის არიან: სამშენებლო მასალების წარმოება (25%), სასტუმროების და რესტორნების სექტორი (20%), მშენებლობა (15%) და საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოება (10%).

“ძირითადი მიზეზები ეკონომიკური ზრდის ის არის, რომ ბიზნესის განწყობებში ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახულია კონკრეტულ ციფრებში“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, აპრილის თქვეში მან 3,2% შეადგინა, რაც, ასევე, დადებითი ტენდენციაა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ასევე, კარგია 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა მეთოდოლოგიაზე შეიძლება, ვიდავოთ.

„რაც შეეხება სავალუტო კურსს, მარტის თვიდან 15%-ით არის გამყარებული. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები: სავაჭრო ბალანსს თუ ვნახავთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ 200 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვიდა ეროვნულ ვალუტაზე, ანუ სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1 426 მილიონი აშშ დოლარი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, 92 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვაქვს ტურიზმის სექტორიდან. „საბოლოოდ ყველა ეს მაჩვენებელი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს - 4,3%-იანი ზრდა აპრილის თვეში კიდევ ერთელ გვარწმუნებს, რომ წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.