სემეკ-მა მოქალაქეებს 130 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკ-მა მიმდინარე კვირას მოქალაქეებს 130 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, სემეკი ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ, სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს შორის დავების განხილვას განაგრძობს.

მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრებზე, რომლებიც შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით, მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 132 743 ლარი შეადგინა.

”კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე: 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, - ნათქვამია განცხადებაში.