საია თვითმმართველი ქალაქების დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვითმმართველი ქალაქების დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

როგორც საიას მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის და კორუფციის პრევენციის დოკუმენტები. ხოლო ის საწარმოები, რომლებსაც მსგავსი დოკუმენტები გააჩნია, ვერ პასუხობენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

კვლევის თანახმად 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მარტამდე 6 თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ჯამური ოდენობა საშუალოდ 13 516 ადამიანს შეადგენს. კვლევის ავტორები ამავე დროს აღნიშნავენ, რომ საწარმოებში არ არსებობს სათანადო მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც სამეწარმეო იურიდიულ პირებში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას განსაზღვრავენ.

”12 თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში, საერთო ჯამში 94 საწარმოა. ჩვენ ვსწავლობდით დირექტორების დანიშვნის სტანდარტს, ქონების გადაცემის წესს, როგორ ხდება ფინანსური რესურსის გადაცემა, როგორია ანგარიშვალდებულება და რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი. საუბარია დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების ქონებაზე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ საწარმოების საკუთრებაში, ან დროებით სარგებლობაშია დაგროვილი. გარდა ამისა, საუბარია 600 მილიონ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსზე, რომელიც გაიცა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ძალიან დაბალია ანგარიშვალდებულების სისტემა, პრაქტიკულად არ არსებობს შიდა აუდიტის ელემენტები და ეთიკის კოდექსი, არ არის ასევე კორუფციის პრევენციის დოკუმენტები. მსგავსი დოკუმენტაციის არარსებობა ცხადია, ზრდის იმის ალბათობას, რომ ამ პროცესში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კორუფციული ტიპის გარიგებებს, ვინაიდან ეჭვის ქვეშ დგება ამ თანხების რაციონალური ხარჯვა”, - განაცხადა კვლევის ავტორმა, სულხან სალაძემ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში არსებულ თვითმმართველ ქალაქებს, რიგ შემთხვევაში, არ მოეპოვებათ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, მათ მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების შესახებ და ხშირ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია, განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავია. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ 94 საწარმოდან პრაქტიკულად არც ერთში არ მომხდარა დირექტორის დანიშვნა კონკურსის წესით.

”მსგავსი ვალდებულება არც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ამასთან, საწარმოების დირექტორების დანიშვნის პროცესში კონკურსის ან შეჩევის სხვა ეფექტური მექანიზმის არარსებობის პირობებში მაღალია რისკი, რომ დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლება კონკრეტული საჯარო მოხელის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და არა გაწეული საქმიანობის შეფასების შედეგი”, - განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება დედაქალაქს, კვლევის ავტორი განმარტავს, რომ აქ საუბარია იმ საწარმოებზე, რომელიც მერიის მიერაა დაფუძნებული და მათ დაქვემდებარებაშია.

”საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტო თბილისის შემთხვევაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საუბარია 500 მილიონ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსზე, რომელიც საწარმოებს გადაეცათ და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც არ არის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მექანიზმები”, - აღნიშნა სულხან სალაძემ.