დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების შემცირება წელსაც იგეგმება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სახელმწიფო საწარმოების შემცირება წელსაც იგეგმება. ამის შესახებ ქუმსიშვილმა საია-ს კვლევის კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხება.

“მე სულ რამდენიმე ორგანიზაცია ვიცი, რომელიც ბიუჯეტიდან თანხებს იღებს, მათ შორისაა, მთის კურორტების განვითარების სააგენტო, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და არანაირი ეჭვები მე არ მაქვს. ასევე, არის „გაერთიანებული აეროპორტები“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას; ამ საწარმოთი ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ შემოგვყავს არაერთი ავიაკომპანია. ზოგადად დამოკიდებულება სახელმწიფო საწარმოების მიმართ არაერთხელ დამიფიქსირებია და ახლაც დავაფიქსირებ. ჩვენ როცა ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრი საწარმო იყო. 6 თვის განმავლობაში დავდეთ სტრატეგია, რომელსაც აქვს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რომელ წელს რამდენი საწარმო უნდა შემცირდეს. ეს სტრატეგია და გეგმა სრულდება. სრულდებოდა ყველა წელს და დარწმუნებული ვარ, წელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ და შევაცირებთ სახელმწიფო საწარმოებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა დაგვრჩეს კონკრეტული ფუნქცია, რომელსაც სახელმწიფოს გარდა სხვა ვერავინ განახორციელებს. ასეთ შემთხვევებში, მინისტრის თქმით, სახელმწიფო საწარმოები დარჩება.

„ყველა სხვა შემთხვევაში სამინისტროს დამოკიდებულებაა, რომ საწარმოები მაქსიმალურად კერძო გახდეს, იმიტომ რომ მხოლოდ კერძო სექტორი არის დოვლათის და სამუშაო ადგილების შემქმნელი ამ ქვეყანაში“, - დასძინა ქუმსიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვითმმართველი ქალაქების დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. როგორც საიას მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი, თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის და კორუფციის პრევენციის დოკუმენტები. ხოლო ის საწარმოები, რომლებსაც მსგავსი დოკუმენტები გააჩნია, ვერ პასუხობენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.