ალექსანდრე თვალჭრელიძე - როგორც იქნა, გაჟღერდა, რომ ჩვენ მშპ-ს ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს მივაღწევთ, თუმცა გაუგებარი რჩება თუ რა მეთოდებით

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა:

- ბატონო ალექსანდრე, ვიდრე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 30 მაისს თავის დაპირებულ წერილს გამოაქვეყნებდა, თქვენ ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ - ”ივანიშვილის წერილი პოლიტიკურ პროცესებში ბევრ რამეს შეცვლის”. ვინაიდან წერილში ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივაზე ვრცლად იყო საუბარი, ჩვენ თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ. ვიდრე წერილში გამახვილებულ ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ - წერილმა გაამართლა თქვენი ვარაუდი? სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ამ წერილმა ქართულ პოლიტიკაში?

- ჩვენ სწრაფად ცხოვრებასა და სწრაფად კითხვას შევეჩვიეთ. გვინდა კანტის ფილოსოფია ნახევარ საათში აღვიქვათ. ჩვენ ვკითხულობთ დაუფიქრებლად და გვიჭირს აზროვნების ჩართვა აღქმის პროცესში. არადა, ბატონი ბიძინას წერილი სრულად და, იმედი მაქვს, გულახდილად მის სოციალურ ფილოსოფიას ასახავს. ასეთი ნააზრევის გაანალიზებას ჭირდება, სულ მცირე, ისეთივე აზროვნების ძალისხმევის გაწევა, რაც მის დასაწერად დაიხარჯა. ამიტომ ახლა შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილებები. ღრმა ანალიზის ჯერი უფრო მოგვიანებით მოვა.

პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის იმ მიზეზების გააზრება, თუ რატომ მოვიდა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში. მე მჯერა, რომ მას ნამდვილად პატრიოტული სულისკვეთება ამოძრავებდა. მე მჯერა იმისაც, რომ მისთვის 2012 წლის ოქტომბრამდე გაბატონებული ნეობოლშევიკური მართვის სქემა, ხომ გახსოვთ: „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია!?“, როგორც პიროვნებისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებაში მოსვლა ბატონი ბიძინასთვის თვითმიზანი კი არ იყო, არამედ მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე და რაციონალური გზა. მიზანი კი იყო ჩვენი საზოგადოების განთავისუფლება ძალადობრივი ხელისუფლების „დამოკლეს მახვილისგან“. ამ მიზანს ბატონმა ბიძინამ ნამდვილად მიაღწია: ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მე, ვსუნთქავ ლაღად და თავისუფლად და არც მარცხნივ და არც მარჯვნივ გახედვისა არ მეშინია.

მეორე, რისთვისაც ეს წერილი დაიწერა, გახლავს, ჩემი აზრით, იმ პროპაგანდისტული „ცუგცვანგისგან“ თავის დაღწევა, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება პერმანენტულად აღმოჩნდება ხოლმე. ბატონმა ბიძინამ ძალიან დეტალურად აღწერა სახელისუფლებო მართვის ის მოდელი, რომელიც საქართველოში 2012 წლის ნოემბრამდე იყო გაბატონებული და სავსებით სწორედ აღნიშნა, რომ თუ არა ის მუხლზე დაჩოქების 9 წელი, ჩვენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გაცილებით უფრო წინ ვიქნებოდით.

წერილის მესამე მიზანი პირდაპირ გამოთქმული არ არის, მაგრამ სტრიქონებს შორის იკითხება: ეს გაფრთხილებაა, რომელიც, იულიუს ფუჩიკის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ასე გაიჟღერებს: „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“, არ დაუშვათ ისტორიის შემობრუნება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია.

ეხლა, თუ თქვენ კითხვას დავუბრუნდებით, პასუხი მასზე მარტივია: გამგებმა უნდა გაიგოს და მოცემული თეზისების შესაბამისად წარმართოს საარჩევნო კამპანია.

- გასაგებია, რომ ”3-4 წელიწადში 15 წლის საკეთებელი ვერ გაკეთდებოდა,” მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით ექსპრემიერის შეფასებებს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეძლო ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ? და კიდევ, რატომ მოერიდა ექსპრემიერი თვითკრიტიკას და საკადრო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებზე საუბარს?

- რთულ კითხვებს მისვამთ. არ ვიცი, რატომ მოერიდა ბატონი ბიძინა თვითკრიტიკას, შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ასეა მოწყობილი მისი აზროვნების სტრუქტურა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რაც არა მარტო იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, არამედ იმასაც, რომ ამ აზრს პატივი უნდა ვცეთ, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ მას, თუკი, რასაკვირველია, ჩვენ ჩვენ თავს ვცემთ პატივს. გაიხსენეთ, როგორ აღიქვამთ ხელისუფლების აღვირახსნილ ლანძღვას, ეს ლანძღვა ხომ, პირველ რიგში, ბუმერანგივით „მლანძღავს“ ასხამს თავზე ლაფს და არა „ლანძღულს“.

„ქართულმა ოცნებამ“ კი ბევრი რამ გააკეთა, აღარ შევუდგები ბატონი ბიძინას წერილში დეტალურად ჩამოთვლილი თეზისების გამეორებას, თუმცა მეტის გაკეთება ნამდვილად იყო შესაძლებელი.

- წერილში ეკონომიკაზე მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი იყო? რომელმა გაგახარათ, რომელში შეგეპარათ ეჭვი და არარეალისტურად მოგეჩვენად? და კიდევ, ეთახმებით ექსპრემიერს იმაში, რომ საქართველომ ”ვალების ეკონომიკიდან გადადგა ნაბიჯები ინვესტიციების ეკონომიკისკენ”?

- ჩემი ცხოვრების კრედოა, ვიყურებოდე წინ და არა უკან. ამიტომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის მოლოდინები, რომელიც ბატონ ბიძინას საქართველოს სამომავლო განვითარებაზე გააჩნია. როგორც იქნა, გაჟღერდა, რომ ჩვენ მშპ-ს ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს მივაღწევთ, თუმცა გაუგებარი რჩება თუ რა მეთოდებით.

საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ ნაკლოვანებად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნის განვითარების გეგმის გარეშე. ასეთი გეგმის შექმნის მცდელობა ბატონ ნოდარ ხადურს ჰქონდა, მაგრამ მალევე გასაბერი ბუშტივით ჩაიფუშა. არადა, ასეთი გეგმა შეიძლება ის ხერხემალი გახდეს, რომელიც პოლიტიკურ ჩიხებში მომწყდეულ ჩვენს საზოგადოებას გაამთლიანებს, რაც ქვეყნის განვითარების უმთავრესი საწინდარია.

ხშირად გვავიწყდება ისიც, რომ ჩვენ მშენებარე და არა აშენებული საზოგადოება ვართ, ხოლო ასეთი საზოგადოების განვითარება შეუძლებელია ეკონომიკის მწარმოებლური დარგების აღორძინების გარეშე. ამაზე კი არც ერთი სიტყვა არ მსმენია. მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ხარჯზე კი ჩვენ ფონს ვერ გავალთ.

- თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ექსპრემიერის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ მისეული ანალიზი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივაზე?

- არ ვიცი, ეკონომიკური ანალიზიც და განვითარების გეგმებიც რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს უნდა ეყრდნობოდეს, ასეთი მონაცემები კი არ გაჟღერებულა.

- ექსპრემიერს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე მისეული ახსნა აქვს. კერძოდ, -”აუცილებელია მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორისაა. დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვნად ქმნის ის, რომ ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია, მეორე მხრივ მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება.” თქვენი აზრით, რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ შიდაპოლიტურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დემოკრატიის მაღალი ხარისხი და ეკონომიკის ჩამორჩენილობა?

- მე ამ აზრს განვავითარებდი ოდნავ განსხვავებული თვალთახედვით. პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციალური სფერო ის სამი ვეშაპია, რომლებსაც საზოგადოება ეფუძნება. საზოგადოების ამ სამ მახასიათებელს შორის სიმეტრია და სინერგია უნდა არსებობდეს. მაგალითად, შეგიძლიათ დამისახელოთ ღარიბი დემოკრატიული ქვეყანა? მე ასეთი არ მაგონდება. ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება დასავლელი პარტნიორების მიერ ნაკარნახევი და ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კეთილი ნება იყო. დასავლეთის დემოკრატიებში კი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება მოსახლეობის ფართო ფენების ინიციატივისა და თავგანწირული ძალისხმევის შედეგია. იქ დემოკრატია ქვევიდან ზევით ვითარდებოდა, ჩვენთან კი პირიქით, ზევიდან ქვევით.

ასეთი რუდიმენტული დემოკრატიული წეს-ჩვეულებების დამკვიდრება აშკარად დადებითი პროცესია, რამაც შესაძლებლობა მოგვცა საზოგადოების ჩვეული განვითარების გზა ძალიან სწრაფად, ფაქტიურად, ერთი ნახტომით გაგვევლო. მაგრამ ასეთი ვითარება არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

ამიტომ აუცილებელია აღსდგეს ბალანსი საზოგადოების დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო შემადგენლებს შორის. ისეთ სკამზე ვერ დაჯდებით, რომელსაც ერთი გამძლე ფეხი აქვს, დანარჩენი კი მორყეული. ამას კი, მეამიტურად გავიმეორებ, ჭირდება ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური არაწინააღმდეგობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

- საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ მკაფიოდ ითქვა რომ ევროკავშირში გაწევრიანება ახლო მომავლის პერსპექტივა არაა, ხოლო ნატოში გაწევრიანება ”რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია”. ამ პროცესში არ უნდა დავუშვათ იმედგაცრუება და ”მოთმინებით დაველოდოთ იმ დროს, როცა ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ”. წერილში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებზე თქვენ კითხვები დაგრჩათ?

- კითხვები ნამდვილად არ დამრჩა, მაგრამ ერთს კი დავძენდი. მოთმინება კარგი თვისებაა, მაგრამ ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ცოტა ხომ არ გვებიძგა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად?

მერწმუნეთ, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის გავხდეთ აბსოლუტურად ჩაუნაცვლებელი და ამიტომ ძვირადღირებული და პატივსაცემი პარტნიორი. მაგრამ, ღმერთისაგან ნაბოძებ შესაძლებლობებს რეალიზაცია ჭირდება, ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ. თუ ინებებთ, შეგვიძლია სამომავლოდ ამ თემას მთლიანად ინტერვიუ მივუძღვნათ, ეხლა კი ზერელედ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მე არასწორად მიმაჩნია.

- ბატონო ალექსანდრე, დიდი სიამოვნებით მოვისმენდით უახლოეს მომავალში ამ მეტად აქტუალურ თემაზე თქვენს მოსაზრებებს. წერილში ყურადღებაა გამახვილებული რუსეთთან ურთიერთობებზე. ვითარებაში, როცა პუტინი დასავლეთის წინაშე უკან არ იხევს, რას შეიძლება ეფუძნებოდეს ივანიშვილის ოპტიმიზმი, რომ ” საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას”?

- ალბათ, ბატონი ბიძინას „პოსტპუტინის“ ეპოქის რუსეთი აქვს მხედველობაში. ეს პერიოდიც მალე დაგვიდგება.

სხვათა შორის, მეც ამ აზრის ვარ, პოლიტიკიდან პრეზიდენტ პუტინის წასვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი და ჩვენ ამ ცვლილებებს სახტად კი არ უნდა დავხვდეთ, არამედ გულმოდგინედ უნდა ვემზადოთ.

- მედია მართლაც თავისუფალია, როგორც არასდროს მრავლადაა ქვეყანაში ტელევიზიები, ისიც ფაქტია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მთავრობას არ აქვს ტელევიზია. თქვენი აზრით, ექსპრემიერის მიერ მედიასთან დაკავშირებული მოსაზრებები ნიშნავს თუ არა იმას, რომ ”რუსთავის-2”-ის თემა შეიძლება ამოწურულად ჩაითვალოს? ანუ, არ გამართლდეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინასწარმეტყველება, რომ ”უახლოეს ხანებში ხელისუფლება ”რუსთავი-2”-ზე შეტევას მიიტანს?

- მე მეჩვენება, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აქტიურად არ ჩაერევა. ძალიან ბევრი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს ბედი. ხოლო თუ ბატონმა ხალვაშმა „რუსთავი-2“-ს ისევ რადიკალურად შეუტია, ხელისუფლება არც მაშინ გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს, ისევე, როგორც, მაგალითად, არ ერევა თბილისის უნივერსიტეტში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებში.

ბატონ სააკაშვილს კი ვერ წარმოუდგენია, რომ ქვეყანაში რაიმე ხელისუფლების ნების გარეშე შეიძლება გაკეთდეს. მისი აზრით, თუ რამე „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ გაკეთდა, ეს ხელისუფლების ხრიკებია, ხოლო თუ რამე მათ სასარგებლოდ ვითარდება, ეს ხელისუფლების დამარცხებაა. სხვათა შორის, აქ გადის გადაულახავი რღვევა ბატონი სააკაშვილისა და ბატონი ივანიშვილის მსოფლმხედველობებს შორის.

- შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილმა აუცილებლად ჩათვალა გამოხმაურებოდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ოდესიდან გაკეთებულ გზავნილებს - ”ეჭვიც არ შეგეპაროთ, ჩამოვალ”! და ”ნაცმოძრაობა” არჩევნებში გაიმარჯვებს”. ექსპრემიერმა ბრძანა - ”სააკაშვილის გუნდის კიდევ უფრო გაღიზიანებას იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან”. მას ასევე თქვა, რომ იგი აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში და ”გამოიყენებს მთელ რესურსს, რათა ”ნაციონალებმა” დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ”. თქვენი აზრით, რა როლს შეასრულებს წინასაარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის აქტიურობა ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე?

- ჰერაკლიტემ თქვა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება. რევანშიზმი საქართველოში ვერ იზეიმებს - ქართველი საზოგადოება ბრძენია და მაზოხიზმს არ დაუშვებს.

მეჩვენება, რომ უკრაინის მოქალაქე ბატონი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაუფრთხილდება და ამისთვის არა მარტო ბატონმა ბიძინამ, არამედ ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ისიც მართალია, რომ ბატონ ბიძინას გასაკეთებელი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე, მაგალითად, მე.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი