ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში სასტუმრო ,,ბუდაპეშტი” აღარ აშენდება.

როგორც დედაქალაქის მერიაში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, პროექტის შეჩერების მიზეზი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გახდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ვაკის პარკის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონა 2-ში, შპს „ტიფლის კოსტავას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თბილისის მერიამ სპეციალური ზონალური შეთანხმება, არქიტექტურის სამსახურმა კი მშენებლობის ნებართვა გასცა.

მშენებლობის ნებართვის შესახებ ბრძანება შემდეგში სასამართლოში გასაჩივრდა. მოსარჩელე მხარეს ზურაბ ბაქრაძე, თეიმურაზ კალანდაძე და ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ წარმოადგენდნენ.

მერიის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის მერისა და არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კი სასამართლომ ბათილად სცნო. რის შემდეგაც, ადმინისტრაციულ ორგანოებს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალათ.

,,თბილისის მერმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიიჩნია ზემოაღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება”, -განაცხადეს მერიაში.

რა სტატუსი მიენიჭება აღნიშნულ ტერიტორიას და მომავალში სხვა რომელიმე კომპანიას ხომ არ მიეცემა მშენებლობის ნებართვა, უცნობია.

დეტალებზე საუბარი უჭირს მომჩივან მხარესაც. როგორც ,,მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, მერიის ახალი გადაწყვეტილება ორგანიზაციაში ჯერ არ განუხილავთ.

,,მერიის გადაწყვეტილება არ გვინახავს. დეტალები ჩვენთვის უცნობია. განცხადება იმის შესახებ, რომ სარეკრეაციო ზონაში სასტუმრო ,,ბუდაპეშტი” არ აშენდება, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენთვის საკმარისი არ არის, ვინაიდან ჩვენ მოვითხოვდით არა მარტო მშენებლობის ნებართვის, არამედ ზონალური შეთანხმების გაუქმებასაც, რომლის საფუძველზეც საერთოდ აკრძალული იქნებოდა იქ რაიმეს აშენება”, - განაცხადა ,,მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ.

სასტუმრო ,,ბუდაპეშტის” მშენებლობაში 22 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე