მიხეილ ჯანელიძე - საზღვარგარეთ, საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიწოდებას

საზღვარგარეთ, საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნა ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი ბიზნესისთვის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განმარტა, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

„ეს გულისხმობს, რომ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვან ქალაქებსა და ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იქნება წარმოდგენილი კომერციული ატაშეები, რომლებსაც ექნებათ ანგარიშვალდებულება, როგორც საელჩოსთან და ელჩთან, ასევე ის იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. ეს ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო მეტად საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნესშესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი ბიზნესისთვის და მეტ კონტაქტს კომერციულ კერძო სექტორთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, თავდაპირველად ამას სჭირდება მთავრობის გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.

„ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ საცდელად რამდენიმე საელჩოთი და შემდეგ შევეცდებით, რომ გავაფართოვოთ ქსელი. ეს თანხვედრაშია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის დიპლომატიასთან და აძლიერებს ამ მიმართულებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და ის მთავრობას წარედგინება.