ზურაბ ჯაფარიძე დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურსა და რომან გოცირიძეს ეკონომიკურ საკითხებზე საჯარო დებატებში იწვევს

დროა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის მიმართ დამაშანტაჟებელი განცხადებების გაკეთება შეწყვიტონ, - ამის შესახებ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის’’ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველი ამბობს, რომ თუ მოქალაქეები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აირჩევენ, ხელისუფლებაში ისევ უუნარო მთავრობა დარჩება, ხოლო მეორე, მოქალაქეებს აშანტაჟებს იმით, რომ თუ არ აირჩევენ „ოცნებას“, მაშინ ხელისუფლებაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დისკურსის დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიც. მსგავსი განცხადებების ნაცვლად, დროა, გადავიდეთ რეალურ ქმედებებზე, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, არჩევანი პოლიტიკური პარტიების ხედვებისა და მიზნების მიხედვით გააკეთოს; დროა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემაზე, რასაც ეკონომიკა წარმოადგენს და ეს თითქმის ყველა კვლევით დასტურდება. უკვე ნათელია, ვინ იქნება თითოეულ პარტიაში წამყვანი პირი ეკონომიკურ ხედვებთან მიმართებაში, ვის ხედვებზე აეწყობა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი არის რომან გოცირიძე, „ოცნებაში“ - ხადური და ქუმსიშვილი. “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” ვიწვევთ მათ საჯარო დებატების ციკლში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე სადებატოდ, ნებისმიერ დროს, მათთვის ხელსაყრელ ფორმატში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან მედიასაშუალებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დებატების ჩასატარებლად შესაბამისი ფორმატი შექმნან, რათა ქვეყნის მოსახლეობამ ოქტომბერში სწორი არჩევანი გააკეთოს.