გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა GWP-თან აქცია გამართეს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ GWP მათ მაღალ ტარიფს უწესებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „ნარიყალას“ დირექტორმა, ნოდარ ტოტოღაშვილმა განაცხადა, ისინი სემეკი-ს მიერ დაწესებულ უმაღლეს ტარიფს, 85 თეთრს იხდიან.

„ტარიფი ითვალისწინებს 0-დან 85 თეთრამდე და ჩვენ დაგვიწესეს უმაღლესი ტარიფი 85 თეთრი ერთ კუბურ მეტრზე”, - განაცხადა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ თემაზე სასამართლო პროცესი 5 მაისს იყო და მოსამართლემ ორივე მხარეს, გოგირდის აბანოების თანამშრომლებსა და GWP-ს დიალოგისკენ მოუწოდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებს, კომპანიის მხრიდან დიალოგისკენ ნაბიჯი გადადგმული არ ყოფილა.

„მე ჩემი ხელით მოვიტანე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში განცხადება, მაგრამ ისინი პასუხსაც არ კადრულობენ“, - განაცხადა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაიმართება. როგორც ისინი აცხადებენ, თუ მათმა მოთხოვნებმა შედეგი ვერ გამოიღო, ისინი აქციებს გააგრძელებენ. ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, შემდეგი აქცია 3 ივნისს სემეკთან გაიმართება. ხოლო თუ სემეკთან მათ არავინ გამოეხმაურება, აქცია უკვე მერიასთან ჩატარდება. იმ შემთხვევაში თუ ამ აქციების შემდეგ მათ არავინ გამოეხმაურება და შედეგი არ იქნება, მაშინ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისში აბანოები გაუქმდება.

აქციაზე, გოგირდის წყალი სათლით მიიტანეს და GWP-ის ოფისის წინ დაღვარეს.