მიხეილ ჯანელიძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნესასოციაციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ეკონომიკური დიპლომატიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეებს შორის შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყო.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნონ ის რეფორმები და გეგმები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით გააჩნია.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკური დიპლომატია ერთ-ერთი პრიორიტეტია.

”პირველ რიგში, ეს ორიენტირებულია საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული ტექნოლოგიების შემოღებაზე, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ქართული საექსპორტო პროდუქციის არსებულ და ახალ ბაზრებზე განთავსებისა და ბარიერების აღმოფხვრისთვის ხელშეწყობა, ასევე სავაჭრო, თუ სხვა ტიპის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს პრიორიტეტი არჩეული აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამის რეფორმებს ახორციელებს”, - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პირველ რიგში, რეფორმებში იგულისხმება ის, რომ ამ მიმართულებით გაძლიერებულია საელჩოების მუშაობა.

”გამოყოფილები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულად ამ მიმართულებით, ხდება მათი შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით რეგულარული ტრენინგი, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია იმ არსებული პროექტების შესახებ, რაც საქართველოშია. გარდა ამისა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეგულარული თანამშრომლობის ფორმატი ბიზნესასოციაციებთან, ბიზნესსექტორთან და ეს ხდება იმისთვის, რომ კომუნიკაცია გამარტივდეს. ჩვენ გვინდა ვუთხარათ ბიზნესს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი სრული წარმომადგენლობით ყველა ქვეყანაში ორინეტირებულია, რომ თითოეულ ბიზნესმენს ხელი შეუწყოს ყველა შესაძლო მიმართულებით”, - განაცხადა ჯანელიძემ.

თავის მხრივ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია.

”დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის საბჭოს წევრი და ასევე პარტნიორი ასოციაციები. ეკონომიკური დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო-სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ჩვენი, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ არა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ, არამედ ეკონომიკურ ფუნქციასაც. ამით ხელი ეწყობა ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, ერთობლივი ბიზნესფორუმების ჩატარებას, ასევე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, უცხოური საწარმოების დაარსებას და ზოგადად, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს”, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.