აპრილთან შედარებით, მაისში ერთი იმერული ხაჭაპურის ღირებულება 2,7%-ით შემცირდა

მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 3,08 ლარამდე შემცირდა, რაც 2,7%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვის ხაჭაპურის ინდექსის მაჩვენებელი 7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ISET-ის ცნობით, ინდექსის თვიური შემცირება ძირითადად ყველის, მაწვნისა და რძის სხვა პროდუქტებზე ფასების შემცირებამ გამოიწვია, რაც სეზონურობით არის გამოწვეული.

ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ფასებზე დაკვირვება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო თბილისში, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა საქართველოს სხვა ქალაქებზეც.

ხაჭაპურის ინდექსის იდეა დაიბადა Big Mac-ის ინდექსისაგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის შესადარებლად. ხაჭაპურის ინდექსის კალათში შედის სტანდარტული იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე