კვლევა - გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, კიბოთი სიკვდილიანობა გაიზარდა

2008-10 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა და გაზრდილმა უმუშევრობამ, რომელიც მას მოჰყვა, კიბოთი გარდაცვლილთა რაოდენობა 260 ათასით გაზარდა, წინა წლებთან შედარებით.

ჟურნალ The Lancet-ის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი და ამერიკელი მკვლევარები.

”ეკონომიკური კრიზისისა და ქამრების შემოჭერის პირობებში, გაზრდილი უმუშევრობის ფონზე უამრავი ადამიანი გარდაიცვალა სიმსივნით. ფინანსური კრიზისის პერიოდში უმუშევრობის მაღალი დონე მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემასთან წვდომას უზღუდავს, რასაც გვიან დიაგნოსტიკამდე და გადადებულ, ანაც არაეფექტურ მკურნალობამდე მივყავართ“, - აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი რიფატ ატუნი.

კიდევ ერთი ავტორის, პროფესორ მაჰიბენ მარუტაპუს თქმით, მსოფლიოში სიმსივნე სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამიტომ საჭიროა იმის გაგება, თუ რამდენად მოქმედებს ამ დაავადებისადმი სიცოცხლისუნარიანობის გამოჩენა ეკონომიკური ცვლილებების დროს.

„ჯანდაცვის სისტემაში ბიუჯეტის შემცირება უამრავ ადამიანს სიცოცხლის ფასად უჯდება”, - ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი მაჰიბენ მარუტაპუ.

კვლევის პერიოდში ავტორებმა 1990 წლიდან 2010 წლის ჩათვლით უმუშევრობას, ჯანდაცვის სისტემის ხარჯებსა და სიმსივნისგან სიკვდილიანობას შორის კავშირი შეისწავლეს. საერთო ჯამში, კვლევამ 75 ქვეყანა და 2 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიცვა.

აღსანიშნავია, რომ მკვლევარებმა სიმსივნის რამდენიმე ”განკურნებადი” ტიპი შეისწავლეს, რომელთაგან გადარჩენის მაჩვენებელი 50 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის ქალებში მკერდის კიბოს შემთხვევებში, კაცებში კი პროსტატის სიმსივნის.