საფრანგეთის ქალაქ ბორდოში „ღვინის ქალაქის“ პირველი სტუმარი მომავალ წელს საქართველო იქნება

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი მომავალ წელს საქართველო იქნება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საზეიმო ცერემონიას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საზეიმო ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

მუზეუმი, რომელსაც „ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი ეთმობა, 2017 წლის პირველ საზაფხულო გამოფენაზე საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით "საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ღვინის ბიზნესის მსოფლიო ცენტრში, ქალაქ ბორდოში, "ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში" საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება.

"ჩვენ შევძლებთ, წარმოვაჩინით საქართველო, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი. დღეს პრეზიდენტმა ოლანდმა და ბორდოს მერმა ალან ჟუპემაც კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამაში ჩართულები იყვნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საელჩო, მეგობრები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან", - განაცხადა პრემიერმა და გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს ელჩებს საფრანგეთსა და ესპანეთში მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ეს მიღწევა მიულოცა სფეროში ჩართულ საქართველოს ყველა ბიზნესმენს და ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეს ემსახურება.

"ღვინის ქალაქში" ყოველწლიურად ათი ათასობით სტუმარს ელოდებიან. მუზეუმში, პერიოდულად, სხვადასხვა დროებითი გამოფენა, დეგუსტაციები, ღვინოსთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები და კულტურული ღონიძიებები გაიმართება. "ღვინის ქალაქის" იდეა ქალაქ ბორდოს მერს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ალან ჟუპეს ეკუთვნის.