სოფელ რუხში დღეს სათბურის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართება

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დღეს, სათბურის მოწყობის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელიც იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა.

როგორც საქართველოში იაპონიის საელჩოში აცხადებენ, ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, ადგილობრივი მთავრობისა და პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ზემოხსენებული პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 15 იანვარს, იაპონიის საელჩოსა და კავშირ-ასოციაცია „აგორას“ შორის. პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემცირება. ამ პროექტისთვის გრანტის ოდენობა 92 622 აშშ დოლარია.

„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და სხვა. 1998 წლიდან GGP-ის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 151 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 15 087 936 აშშ დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსთვის 370 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და მოიცავს სფეროთა ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.