დიმიტრი ხუნდაძე - ”ნაციონალების” ინიციატივით, მცხეთის საკრებულოს წევრებს ხელფასები გაეზარდათ

მცხეთის საკრებულოს წევრებს ხელფასები გაეზარდათ - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დააყენა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. საუბარია ხელფასის 200 ლარით გაზრდაზე.

ხუნდაძის განმარტებით, როდესაც ამდენი სოციალურად დაუცველია და თავად მცხეთის გამგეობის თანამშრომლებს დაბალი ხელფასები აქვთ, საკრებულოს მხრიდან დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა.

"მათ ისედაც საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ და კიდევ მატება გაუმართლებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, ამდენი სოციალურად დაუცველია და თავად მცხეთის გამგეობაში - ქვედა რგოლებში ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ფრაქციის მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი.