სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო რუმსში სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი ორგანოა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებით რეკომენდაციებსა და წინადადებებს მოამზადებს. საბჭო საქართველოში არსებული ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, საბჭო საჯარო-კერძო დიალოგის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატია და მისი არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო საკითხებში კერძო სექტორის ჩართულობას.

სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხებზე იმუშავებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს კერძო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე.

საკონსულტაციო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფების არსებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო არეალის და სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება კერძო სექტორს, მოახდინოს აღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული პირობებით სარგებლობა და გაზარდოს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი.