„ჰიპი“ საქართველოში ბიომეურნეობის შექმნას გეგმავს

ბავშვთა კვების მწარმოებელი კომპანია ,,ჰიპი” ბიომეურნეობის შექმნას აპირებს და ამისათვის დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწის ფართობის შეძენას გეგმავს.

,,ჰიპის” ადგილობრივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კომპანიამ რამდენიმე შეთავაზება სახელმწიფოსგან უკვე მიიღო, თუმცა როგორც ,,ჰიპის” წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, ჯერჯერობით სასურველი მიწის ნაკვეთი შერჩეული არ არის. შესაბამისად, უცნობია თუ სად განთავსდება ,,ჰიპის” ახალი ბიომეურნეობა.

კომპანიის წარმომადგენელი ვასილ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ახალ მიწის ნაკვეთზე დაიწყება მარცვლეულის მოყვანაც და გაშენდება ხეხილის ბაღებიც. მეურნეობაში მეცხოველეობის განვითარებაც იგეგმება.

,,მოყვანილი პროდუქციის ნაწილს ადგილზე გადავამუშავებთ, ნაწილი კი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გავა ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად”, - აღნიშნა ვასილ ახვლედიანმა.

როგორც ცნობილია, ბიომეურნეობაში კომპანიის დამფუძნებლის მიერ რამდენმე მილიონი ევროს ინვესტირება იგეგმება. საბოლოო თანხა კი მიწის მოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კომპანიის საკუთრებაში ცხინვალთან ახლოს მდებარე, 80 ჰექტარი მიწის ნაკვეთია.

ქრისტინე გამთენაძე