საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს

იუნისეფის ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში საშა გრაუმანის განცხადებით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს. ამის შესახებ გრაუმენიმ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება საქართველოში.

„მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ შეასრულოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი ცხოვრობს საარსებო მინიმუმის ქვემოთ. იუნისეფი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას, რათა შეებრძოლოს ბავშვთა სიღარიბეს. საქართველო ევროპის და აზიის უღარიბეს ქვეყნებს შორის არ არის, თუმცა ბავშვების სიღარიბის მდგომარეობით, ამ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჯანდაცვის, განათლების, კვების კუთხით, რაც არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს. ეს გულისხმობს დაახლოებით 5 დოლარს, რაც მოიცავს ვიტამინებს და მინერალებს, რათა მათ ჰქონდეთ ჯანმრთელი ცხოვრება“, - განაცხადა გრაუმანმა.

მისივე თქმით, იუნისეფი მოუწოდებს სახელმწიფოს, რაც შეიძლება უკეთ დაიცვას იმ ბავშვთა უფლებები, რომლებიც შვილად აყვანილი არიან, მათ შორის უცხოელების მიერ.

გრაუმენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონი შვილად აყვანის შესახებ.