კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ თ.ს.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ აბონენტ თ.ს-ს ,,ჯეოსელთან“ ხელშეკრულება 2010 წლის 27 მაისიდან ჰქონდა გაფორმებული. 2012 წლის 26 მარტიდან შპს ,,ჯეოსელმა“ შეცვალა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ლაი-ლაის აბონენტი თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 150 დღის განმავლობაში არ ჩარიცხავს თანხას ნომრის ანგარიშზე, კომპანია 151-ე დღიდან ხელშეკრულებას ავტომატურად აუქმებს. აბონენტმა თ.ს.-მ 2012 წლის 10 მარტს სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი ცვლილებისა და ხელშეკრულების პირობების თაობაზე ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო. შპს „ჯეოსელის“ განცხადებით, აბონენტმა ნომერზე თანხა ბოლოს 2015 წლის 27 თებერვალს ჩარიცხა, რის გამოც, აბონენტის დამატებით ინფორმირების გარეშე მის მიერ თანხის ბოლო ჩარიცხვიდან 151-ე დღეს - 2015 წლის 30 ივლისს, ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „ჯეოსელმა“ ვერ დაასაბუთა მომსახურების შეზღუდვის საფუძველი და ასევე, კომპანიის მხრიდან არ იქნა დაცული როგორც მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისია ყველა დაინტერესებული პირის არგუმენტაციის და საქმესთან არსებულ დოკუმენტაციას შეისწავლის, 2016 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება. კომისიის გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში გახდება ცნობილი.