ქალაქ ამბროლაურის მერიის ინიციატივით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა“ შემუშავდა

ქალაქ ამბროლაურის მერიის ინიციატივით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა“ შემუშავდა. პროგრამა თანადაფინანსების პირობებში, ქალაქში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ფასადების რეკონსტრუქციას, ეზოების კეთილმოწყობას, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, სადარბაზოების შიდა რემონტსა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, კორპუსების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტისა და ,,ამხანაგობების“ ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება და მასში ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა - 90%-ს, რიგ შემთხვევაში კი 95%-ს წარმოადგენს.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველი პირები ახლად რეგისტრირებულ ,,ამხანაგობა 2016“-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განხილულ იქნა კოსტავას ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საკითხი. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს.