თხევადი აირის ბაზარზე სრული უკონტროლობაა

საქართველოში თხევადი აირის ბაზარი მეტ კონტროლს მოითხოვს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აბსოლუტურად არ მოწმდება ავტოცისტერნებით შემოტანილი გაზის ხარისხი, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც.

თხევადი აირი, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონიდან შემოდის, არ კონტროლდება და ხშირ შემთხვევაში, საბუთების სისწორეც ეჭვს იწვევს.

საქართველოში საყოფაცხოვრებო გამოყენების თხევადი აირი (LPG) ნავთობპროდუქტს წარმოადგენს, არ იწარმოება და ბაზარი მთლიანად იმპორტირებული გაზით მარაგდება.

აღნიშნული პროდუქტის ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანი და რუსეთი, იშვიათად შემოდის პროდუქტი ერაყიდანაც. 2015 წელს თხევადი აირის იმპორტმა შეადგინა 14.7 ათასი ტონა, ხოლო 2018 წლის იანვარ-აპრილში - 28 ათასი ტონა.

როგორც წესი, თხევადი აირი გამოიყენება საყოფაცხოვრებო საცხოვრებელ სახლებში საკვების მოსამზადებლად და გასათბობად და ასევე ავტომობილების გამართვის მიზნით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში თხევადი აირის მოხმარება სულ უფრო მცირდება, რაც გაზიფიცირების პროცესს უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიულად და სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო ბუნებრივი აირის მიყვანა ყველგან ვერ ხერხდება, ჩვენს ქვეყანაში თხევადი აირის იმპორტი ქვეყანას მუდმივად დასჭირდება. ტრანსპორტირება ხდება რკინიგზით ვაგონ-ცისტერნების მეშვეობით და ავტოცისტერნებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ხშირად არის პრობლემა ხარისხთან დაკავშირებით, ამიტომ თხევად აირს განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება.

"გაზის გამოყენება, ძირითადად, სახლის პირობებში ხდება. უხარისხო პროდუქციის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება წონასთან დაკავშირებულ საკითხს, საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების დარღვევაა. ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს არ იხდიან, რაც საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას განაპირობებს.

სხვა მდგომარეობაა, როცა პროდუქტი სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნებით შემოდის. ამ შემთხვევაში ის შეესაბამება მომყოლ დოკუმენტაციას როგორც ხარისხით, ასევე წონით, რადგან მათი გავსება და საბაჟო საბუთების მომზადება ხდება პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებში", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, საქართველოში თხევადი აირი იყიდება ყოველგვარი ტექნიკური რეგლამენტების დაცვის გარეშე. ამ დროს იგი ცეცხლსაშიშია და მეტ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.

"კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა საწვავი (ბენზინი, დიზელი) თითქმის ყველა ეზოში იყიდებოდა, რითაც ხალხი საფრთხეში იგდებდა თავს. მიგვაჩნია, რომ ტექნიკურად მოუწყობელ ტერიტორიებზე ასეთი ტიპის პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს. მოვუწოდებთ ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციას, თხევადი აირის სარეალიზაციო ადგილებზე კონტოლი გააძლიერონ. დღეისათვის საქართველოში არც ერთი აკრედიტირებული ლაბორატორია არ არის, სადაც შეიძლება თხევადი აირის ხარისხი შემოწმდეს", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში ავტოცისტერნებით შემოსული თხევადი აირი რუსეთის ტერიტორიაზეც არ კონტროლდება, რადგან პროდუქტის მოწოდება უშუალოდ ქარხნებიდან არ ხდება. ხელოვნურად მოწყობილ ადგილებში სპეციალური მანქანები ცისტერნებიდან იტუმბება.

"ამ ბიზნესს აწარმოებენ საკმაოდ საეჭვო პირები ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან. შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, თხევადი აირის იმპორტს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. არც ეს არის საკმარისი. უნდა გაიხსნას სპეციალური ლაბორატორია, სადაც პროდუქტის ხარისხი შემოწმდება. მერწმუნეთ, რომ მოჰყვება ავტოგასამართი ქსელების შექმნა ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ზოგადად თხევადი აირი ბევრად უფრო კარგი პროდუქტია ავტომობილებისათვის, ვიდრე ბუნებრივი აირი", - განმარტავს ვახტანგ იობაშვილი.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, არსებობს სხვა პრობლემაც. კერძოდ, არ კონტროლდება, აქვს თუ არა მეწარმეს თხევადი აირის მიღების ტექნიკური საშუალება, დაცულია თუ არა მიღებისა და შენახვისას უსაფრთხოების ნორმები. ტექნიკური უსაფრთხოების წარმოების დაცვა კანონით უნდა იყოს სავალდებულო; მნიშვნელოვანია, არიან თუ არა რეგისტრირებული მიმღები სუბიექტი ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში; აქვს თუ არა მიმღებ მეწარმეს ზუსტი წონის აღრიცხვის ხელსაწყო (სასწორი) სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის და ასევე მომხმარებელზეც გასაცემად, რადგან მომხმარებელი ხშირად ტყუვდება წონაში; გასარკვევია, რამდენად კონტროლდება ინდივიდუალური ბალონები, რომლებშიც ისხმება თხევადი გაზი, ხდება თუ არა გამოცდის ვადის დამღის არსებობის შემოწმება; საცალო რეალიზაციისას არის თუ არა დაცული ახალი ევროპული ნორმების მოთხოვნები;

გაურკვეველია, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ადგილი, სადაც ხდება მომხმარებლისთვის ე. წ. ბალონებში თხევადი აირის ჩასხმა, ვინაიდან საჭიროა ყველა მოთხოვნის დაცვა, რომელიც უკავშირდება ტექნიკურ უსაფრთხოებას.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელის საწვავი) ტრანსპორტირება მკაცრად რეგლამენტირებულია, რათა არ მოხდეს აღურიცხავი პროდუქციის მოძრაობა, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდება. აღნიშნული წესი მოქმედებდა ადრე თხევად აირთან დაკავშირებითაც, თუმცა დღეისათვის ეს წესი აღარ არსებობს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"