„ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალის ქონება გაანულა

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალის, სამედიცინო კომპანია „ტერანოსის“ დამფუძნებლის ელიზაბეტ ჰოლმსის ქონება 4,5 მილიარდი დოლარიდან 0 დოლარამდე დაიყვანა.

„ფორბსის“ 2015 წლის რეიტინგში ჰოლმსი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ბიზნესმენი იყო, რომელმაც რამდენიმე მილიარდიანი ქონება დამოუკიდებლად დააგროვა. რეიტინგის თანხმად, „ტერანოსის“ დამფუძნებლის ქონება 4,5 მილიარდი დოლარი იყო.

როგორც „ფორბსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟურნალმა ელიზაბეტ ჰოლმსის ქონება „ტერანოსში“ მის წილზე დაყრდნობით შეაფასა. კომპანია არ ვაჭრობს ბირჟაზე და მისი მთელი ქონება საინვესტიციო გარიგებებს ეყრდნობა.

„ბიზნესის შეფასების გარდა, „ტერანოსზე“ თითქმის არაფერია ცნობილი“, - აღნიშნავს „ფორბსი“.

გამოცემამ გამოკითხა ყველა ვენჩურული ინვესტორი, ინდუსტრიის ანალიტიკოსები და დაასკვნა, რომ „ტერანოსის“ რეალური ღირებულება 800 მილიონ დოლარს არ აჭარბებს. ეს თანხა ითვალისწინებს კომპანიის ინტელექტუალურ ქონებას და მის მიერ მოზიდულ ინვესტიციას 724 მილიონი დოლარის სახით.

„აქედან გამომდინარე, ელიზაბეტ ჰოლმსის წილი კომპანიაში ფაქტობრივად, ნულის ტოლია“, - აცხადებს „ფორბსი“.

ჟურნალი ასევე აღნიშნავს, რომ ელიზაბტ ჰოლმსი კომპანიაში ჩვეულებრივი აქციების მფლობელია და „ტერანოსის“ გაკოტრების შემთხვევაში, მას არაფერი შეხვდება.

2015 წლის ბოლოს გამოცემა The Wall Street Journal-მა „ტერანოსთან“ დაკავშირებული გამოძიების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანია ფაქტობრივად არ იყენებს საკუთარ მანქანებს სისხლის ანალიზისთვის. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ 2013 წელს „ტერანოსის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოცემის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მან მეუღლეს განუცხადა, რომ „ტერანოსის“ ტექნოლოგიები არ მუშაობდა.

The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, „ტერანოსმა“ კომპანიის ვებგვერდიდან სარეკლამო ფრაზა „ჩვენი ტესტების უმრავლესობისთვის რამდენიმე წვეთი სისხლია საჭირო“ მოხსნა. ამასთან ერთად, ამერიკული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 2016 წელს აშშ-ის კლინიკური ლაბორატორიების მაკონტროლებელმა ორგანომ დაადგინა, რომ „ტერანოსის“ მუშაობაში გამოვლენილია ხარვეზები, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

პირველი ბიზნესის იდეა ჰოლმსს ჯერ კიდევ 2003 წელს მოუვიდა თავში, როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტი, სინგაპურის უნივერსიტეტის საზაფხულო სემინარიდან სახლში დაბრუნდა, სადაც ატიპური პნევმონიის ვირუსის კვლევით იყო დაკავებული.

სახელწოდება Theranos, სიტყვების: ”თერაპიისა” და ”დიაგნოსტიკის” შერწყმის შედეგად გაჩნდა. კომპანიის საკვანძო ნოუ-ჰაუდ სისხლის ანალიზის სრულყოფის მეთოდი მიიჩნევა, რომლის დახმარებითაც, ბიოპროდუქტის მინიმალური რაოდენობითაც კი, ათობით კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.

დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, კომპანიამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა Walgreens-თან, რომელიც აშშ-ში 8200-ზე მეტ აფთიაქს ითვლის. აფთიაქებში იგეგმება სისხლის ჩასაბარებელი აპარატების დადგმა. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე კლინიკასთან. თუმცა, მისი მიზნები გაცილებით გლობალურია. ”გვსურს, რომ ჩვენი ცენტრები, ყოველი ამერიკელისგან ხუთი კილომეტრის რადიუსში იყო განლაგებული”.

იხილეთ ასევე