დიმიტრი ქუმსიშვილი პროგრამა ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში გახსნილი საწარმოს ”ბროტმაისტერის” მუშაობას გაეცნო

ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიული საცხობის ”ბროტმაისტერის” მუშაობას დღეს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული საწარმო დაახლოებით ორი თვის წინ, სამთავრობო პროგრამა ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ამოქმედდა. ქუმსიშვილის განმარტებით, კომპანიაში 240 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო სესხი 160 ათას დოლარს შეადგენს, ორწლიანი თანადაფინანსების პირობებით.

ეკონომიკის მინისტრი მწარმოებლებს, რომელთაც კარგი იდეა გააჩნიათ, პროგრამით ”აწარმოე საქართველოში” სარგებლობისკენ მოუწოდებს.

”უკვე ორი თვეა, რაც კომპანია ”ბროტმაისტერმა” ფუნქციონირება დაიწყო. ეს არის ავსტრიულ ტექნოლოგიებზე დამყარებული პურ-ფუნთუშეულის საცხობი, რომელიც დღეს 30-მდე ნაწარმს უშვებს. დასაქმებულია 35 ადამიანი. კომპანია ძალიან კარგად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როცა ცოდნა და სახელმწიფოს ხელშეწყობა ერთად ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის”, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

”ბროტმაისტერი” საქმიანობის გაფართოებას - თანამედროვე კაფეტერიისა და სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმის და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიების გახსნას გეგმავს.

”კომპანია დაახლოებით 35 სახის პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს. ძირითადი აქცენტი საკონდიტრო მიმართულებასა და ჭვავის ნაწარმზე კეთდება. უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაში კაფეტერია გაიხსნება, რომლის მიზანია, ჩვენი პროდუქცია მომხმარებელმა უკეთესად გაიცნოს. სამომავლო გეგმებში ასევე შედის, რომ ყველა უბანში ჩვენი პურ-ფუნთუშეულის სპეციალიზირებული მაღაზია იყოს”, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დავით შანიძემ.