„ინტერ რაო“-მ „მტკვარი ენერგეტიკა“-ს აქციების 100% გაყიდა

რუსულმა ენერგოჰოლდინგმა „ინტერ რაო“-მ კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა“-ს აქციების 100% გაყიდა. შესაბამისი ინფორმაცია ჰოლდინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პრესრელიზის თანახმად, „მტკვარი ენერგეტიკა“-ს ახალი მფლობელი „საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმი“ გახდა.

როგორც „ინტერ რაო“-ს მმართველი საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა განაცხადა, ჰოლდინგის გრძელვადიანი სტრატეგია ბიზნესის განვითარებას რუსეთის ტერიტორიაზე ითვალისწინებს, თუმცა კომპანია საქართველოში მუშაობის შეწყვეტას არ გეგმავს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში აქტიურ მუშაობას როგორც ჰიდროგენერაციის სფეროში, ისე ელექტროენერგიის გადანაწილებისა და გაყიდვის სეგმენტში“, - განაცხადა მირსიაპოვმა.

„ინტერ რაო“-ში აღნიშნავენ, რომ „მტკვარი ენერგეტიკა"-ს მფლობელობაშია თბოელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს ქ. გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ის მანძილზე და ის შედგება ორი ენერგობლოკისაგან, თითოეული 300 მვტ დადგმული სიმძლავრით.

საქართველოში „ინტერ რაო“ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ სს „თელასს“, „ხრამჰესი 1“ -სა და „ხრამჰესი 2“-ს ფლობს, მას ასევე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინტერ რაო“ საქართველოში აქტივების ნაწილის გაყიდვას გეგმავს და საუბარი სწორედ „მტკვარი ენერგეტიკა“-ზე არის.

მაშინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები „ინტერ რაოსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ (GIG) შორის მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე