აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მათ მოისმინეს დაპირება, რომ თბილისის მერია გარევაჭრობის აკრძალვის საკითხზე სისტემურად მუშაობს. გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეების თქმით, მსგავსი დაპირებები მერიის წარმომადგენლებისგან ხშირად მოუსმენიათ, თუმცა უშედეგოდ.

შეხვედრის პარალელურად თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გარევაჭრობა დროულად არ აიკრძალება, მაშინ ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული პირები გარევაჭრობას პროტესტის ნიშნად უკვე თბილისის მერიასთან დაიწყებენ.

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან დასრულდა.