რატომ შეჩერდა კახეთის სოფლებში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში წვეთოვანი სარწყავი სისტემის სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბაკურციხის ადგილობრივმა მკვიდრმა ნოდარ ნანობაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობას უკვე სამი თვეა არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ როდისთვის მოეწყობა სარწყავი სისტემა და აპირებს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაწყებული საქმის დასრულებას.

,,მილები ჩაწყობილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე თვეა შეჩერდა. ამ პროექტის განხორციელებას უამრავი ადამიანი ელოდა. გლეხები, რომლებიც წელს ვენახების მორწყისთვის ამ სისტემის იმედად იყვნენ, უპასუხოდ დატოვეს. ისე წავიდნენ, მუშებისთვის ხელფასიც არ გადაუხდიათ”, - აღნიშნავს ნოდარ ნანობაშვილი.

,,ბიზნესპრესნიუსი” საკითხით დაინტერესდა და როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაციის სამსახურში გვითხრეს, სამუშაოები ამ ეტაპზე მართლაც შეჩერებულია. უწყებაში ამის მიზეზად კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.

,,სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ჩვენ შევწყვიტეთ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,გრანდთან”. საქართველოს მელიორაციამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ძალებით გააგრძელოს ეს ორი პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადმობარება. შეფასდება უკვე განხორციელებული სამუშაოებისა და პროექტის გასაგრძელებლად საჭირო სამუშაოების მოცულობა. ამის შემდეგ ცნობილი გახდება კონკრეტული თარიღი და პროექტის დასრულების ვადები”, - აღნიშნეს საქართველოს მელიორაციის სამსახურში.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, ბაკურციხეში პროექტის ღირებულება 1 326 000 ლარი, ხოლო ვაქირში 529 ათასი ლარია. რაც შეეხება ხელფასებს, ამასთან დაკავშირებით მელიორაციის სამსახუში აცხადებენ, რომ ეს საკითხიც კონტრაქტორის მოსაგვარებელი პრობლემაა და მუშებისთვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სამინისტროს კონპეტენციაში არ შედიოდა.

ქრისტინე გამთენაძე