საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი მიმდინარეობს

”ექსპო-ჯორჯიაში” საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესზე მოწვეული არიან ქვეყნის 9 რეგიონის ფერმერი დელეგატები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს ხვდებიან და აგროსფეროს გამოწვევების შესახებ დიალოგს მართავენ.

კონგრესში მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა განუცხადა, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი ღონისძიება, რომელიც შეეხება ძირითადად სურსათის უვნებლობის რეფორმას, ფერმერთა წვდომას ბაზრის და ფინანსურ რესურსებზე.

„ჩვენ გვაინტერესებს ფერმერების მოსაზრებები, მათი განვითარების სიმაღლეები და პირველ რიგში ის, თუ რა სჭირდებათ მთავრობისგან“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

იმ ძირითადი პრობლემების შესახებ კი, რომლის წინაშეც ფერმერები დგანან, ოქსფამის ეკონომიკური პროგრამების მენეჯერმა ლევან დადიანმა ისაუბრა.

„უპირველესი გახლავთ კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობა, ანუ იმისთვის, რომ ფერმერებმა გაზარდონ წარმოება, სჭირდებათ ინვესტირება. ინვესტირების შესაძლო სქემებზე მათ ხელი არ მიუწვდებათ, რამდენადაც ძალიან მწირი ეკონომიკური ბაზაა და სათანადო გარანტიას საბანკო სექტორს ვერ წარუდგენენ. საგრანტო სქემების რამდენიმე კრიტერიუმი კი ისეთი სახისაა, რომ ფერმერები მათ უბრალოდ ვერ აკმაყოფილებენ. მეორე პრობლემა კი ეხება ინფორმირებულობას საქართველოში. სხვადასხვა განვითარების პროგრამები ინერგება და სხვადასხვა რეგულაციები შემოდის, მაგრამ ფერმერებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“, - განაცხადა ლევან დადიანმა.

მისივე თქმით, ფერმერთა კონგრესი არის მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგის საფუძველზე მოხდეს განვითარების პოლიტიკის დაგეგმვა.

საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ შეარჩია კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი.

კონგრესის ბოლოს ფერმერები მთავრობისადმი მიმართვას მიიღებენ.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტს ახორციელებენ „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში და აღსრულებაში.