„მსოფლიოს მოქალაქეობების ინდექსის" მიხედვით, საქართველო 103-ე ადგილს იკავებს

მოქალაქეობის ხარისხის მიხედვით საქართველო 161-დან 103-ე ადგილს იკავებს. ასეთია შვეიცარიული საკონსალტინგო კომპანია Henley & Partners -ის ყოველწლიური კვლევის, „მსოფლიოს მოქალაქეობების ინდექსის“ შედეგები.

აღნიშნული კვლევა შეიცავს როგორც შიდა ფაქტორებს, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ადამიანური პოტენციალის განვითარებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სტაბილურობას, ისე გარე ფაქტორებს, როგორიცაა უვიზო რეჟიმი, ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა და სხვა, რომლებიც ამა თუ იმ მოქალაქეობის ხარისხზე ახდენენ გავლენას.

კვლევაში საქართველოს მოქალაქეობა შეფასებულია როგორც საშუალო ხარისხის მქონე მოქალაქეობა (27,8%).

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანმა რეიტინგში 107-ე, სომხეთმა 110-ე, თურქეთმა 70-ე, რუსეთმა კი მე-60 ადგილი დაიკავა.

ყველაზე მიმზიდველი მოქალაქეობის მქონე ქვეყნებად დასახელდა გერმანია, დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. სიის ბოლოშია ავღანეთი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

საქართველო „მსოფლიოს მოქალაქეობების ინდექსში“ 103-ე ადგილს ბოლო სამი წელიწადია იკავებს. 2013-სა და 2011-ში საქართველო 106-ე, 2012-ში კი 105-ე ადგილზე იყო.