კარლო ლაფერაძე - დაზარალებულ ოჯახებს ფულადი ანაზღაურების გარდა, საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ გადაცემასაც ვთავაზობთ

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კარლო ლაფერაძის ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ, კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრებ ოჯახებს, მერია ზარალს იმ წესის შესაბამისად უნაზღაურებს, რომელიც საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული. როგორც ლაფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიის შედეგად ასეთი კატეგორიის 13 ოჯახი დაზარალდა, რომელთაგან შვიდს ზარალი უკვე აუნაზღაურდა, ხუთ ოჯახთან კი მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

”ანაზღაურების წესმა კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები ოჯახებიც გაითვალისწინა და განსაზღვრა მათთვის ფულადი ანაზღაურების და საცხოვრისით უზრუნველყოფის პირობები. ასეთი 13 ოჯახი გვყავდა, რომლებთანაც გავმართეთ შეხვედრა, გავაცანით ეს წესი და შვიდმა ოჯახმა ამის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. წესის ძირითადი შინაარსი ის იყო, რომ ეს ოჯახები ყოფილიყვნენ საცხოვრისით უზრუნველყოფილები. ის 5 ოჯახი, რომელიც დღეს ჩვენს შეთავაზებაზე უარს ამბობს, მათი ინტერესების დაცვით, ჩვენ ამ წესში განვახორციელეთ ცვლილება და ის თანხები, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში იყო განსაზღვრული, გაიზარდა. ანუ დღეს არსებული ჩანაწერი ოჯახს სთავაზობს 45, 60 და 70 ათას ლარს. ამასთან ერთად ჩვენ გავუკეთეთ შეთავაზება საცხოვრებელ ბინებზე, რომელიც მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ. ანუ გარდა ფულადი ანაზღაურებისა, ჩვენ მათ საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ გადაცემასაც ვთავაზობთ. დარჩა მხოლოდ 5 ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე უარს გვეუბნება. თუმცა უარის საფუძველი, ან სამართლებრივი არგუმენტაცია მათი მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ. მაგრამ ეს მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს”, - განაცხადა კარლო ლაფერაძემ.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნულმა ოჯახებმა მერიის მიერ შეთავაზებული ბინები დაათვალიერეს და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში, შესახლების გადაწყვეტილებაც მიიღეს, თუმცა შეთანხმება ბოლომდე მაინც არაა მიღწეული.

”ჩვენ კვლავ მზად ვართ, მათ ეს შეთავაზება გავუკეთოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ოჯახები მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შეთავაზებას დათანხმდებიან”, - აღნიშნა კარლო ლაფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახი, რომელიც ვერეს ხეობაში კანონიერი საფუძვლის გარეშე საცხოვრებელ სახლებს ფლობდა, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, სევდია უგრეხელიძეს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესში ცვლილებების შესატანად პროექტს ამზადებს, რომლის თანახმადაც კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურების წესი ზარალის შესაბამისი იქნება.