ნინოწმინდაში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და კანალიზაციის ქსელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით მოეწყო ავტოსადგომი და ტურისტული ცენტრი. მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ღვინის სარდაფი მოპირკეთდა რიყის ქვებითა და ქართული აგურით. ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 670 610,89 ლარია. პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.